მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტშია შეტანილი, თუმცა საპარლამენტო განხილვები საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.
ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.
დღეს რამდენიმე პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.