უახლოეს დღეებში თელეთში ყველის ახალი ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ქარხნის ერთ-ერთი დამფუძნებელი, „ყველის სახლის“ დამაარსებელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქარხანაში 60-ზე მეტი სახეობის ყველის წარმოებაა დაგეგმილი.
”რაც წლების მანძილზე საქართველოს მასშტაბით რეცეპტები მიგროვებია, ყველაფრის წარმოებას ვაპირებ. ვგეგმავ იმ ყველების სტანდარტები შევქმნა, რომლებიც სოფლებში ქაოტურადაა გაბნეული. ქარხნისთვის მიწა და შენობები თელეთში ჩემმა პარტნიორმა აუქციონით შეიძინა. მოვიპოვე გრანტი, გავაერთიანეთ ჩვენი ძალები და ინვესტორის დახმარებით ყველის ახალი ქარხანა ავაშენეთ. თუმცა აქ არ იქნება მხოლოდ ყველის საწარმო. აქ იქნება ფერმა, წისქვილი, გვექნება საკვების საკუთარი წარმოება და რაც მთავარია, გავაკეთებთ მეყველეთა სასწავლო სტუდიას, რომელიც პირველ ეტაპზე სავარაუდოდ, უფასო იქნება”, - განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
ყველის ქარხნის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის შენობაც აშენდება, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სტუდენტები იცხოვრებენ. მისივე თქმით, ქარხანაში ყველის სამუზეუმო კუთხეც მოეწყობა. ხანგრძლივ პერსპექტივაში ასევე იგეგმება საოჯახო ძეხვეულის წარმოებაც.
რაც შეეხება ყველის ექსპორტს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, რომ ყველზე დიდი მოთხოვნა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან არის, ამიტომ პირველ ეტაპზე ყველის გატანა მეზობელ ქვეყნებში მოხდება. სამომავლოდ კი პროდუქტის ექსპორტზე გატანა ევროპის ბაზარზეც იგეგმება.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძის განცხადებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 1 300 000 ლარია და ქარხანასა და მეურნეობაში ჯამში 100-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
თათია ახვლედიანი