2017 წლის 1 იანვრიდან ზოგიერთი სიგარეტის ფასმა 10-20 თეთრით მოიმატა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის რამდენიმე ჯიხურში უთხრეს, იანვრიდან ფასების ცვლილება ჯერ მხოლოდ ზოგიერთი დასახელების სიგარეტს შეეხო. მაგალითად, 10 თეთრით გაძვირდა „ემემი“ და მისი ფასი 2.50 ლარიდან 2.60 ლარამდე გაიზარდა; 20 თეთრით 2.50 ლარიდან 2.70 ლარამდე გაძვირდა „გალუაზიც“.
ჯიხურებში იმასაც აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში სიგარეტი კიდევ უფრო გაძვირდება.
მათივე ცნობით, სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ ახალ წლამდე, დეკემბრიდან დაიწყო და მაშინ ფასები 20-30 თეთრით გაიზარდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 20 თეთრით გაძვირდა „კენტი“ და „ვინსტონი“; „მალბოროს“ ფასმა კი 30 თეთრით მოიმატა.
1 იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა. ექსპერტთა პროგნოზით, აქციზის გაძვირება სიგარეტის ფასის 50-60 თეთრით გაზრდას გამოიწვევს.