აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ”რესპუბლიკელი” წევრები კანონმდებლობას ამზადებენ, რომელიც შეამცირებს ან გააუქმებს აშშ-ის მხრიდან გაერო-ს დაფინანსებას.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ”რესპუბლიკელი” წევრები ორშაბათს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ორი ვარიანტი: დაფინანსების შემცირება ან იმის დათქმა, რომ აშშ-ის მხრიდან გაერო-ს დაფინანსება ნებაყოფლობითი იქნება და ყოველ ორ წელს აშშ-ის კონგრესი გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა გაერო-ს დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ზე გაერო-ს ბიუჯეტში შენატანების 22% მოდის. აშშ-ის მხრიდან გაერო-ს დაფინანსების შემცირება ან გაუქმება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს ისრაელის მხრიდან დასახლებების მშენებლობის პოლიტიკას აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე. ობამას ადმინისტრაციამ კენჭისყრისას თავი შეიკავა და ვეტოს უფლება არ გამოიყენა.
„ისრაელი “დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” საერთო საკითხს წარმოადგენს. ასე რომ, ვფიქრობ, თუ კანონმდებლობა აწონილ-დაწონილი და სათანადო იქნება, ბევრი ”დემოკრატი” დაუჭერს მას მხარს“, - განაცხადა “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა მარკ მიდოუსმა.
“რესპუბლიკელმა” სენატორმა ლინდსი გრემმა გასულ თვეს განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა შეწყვიტოს გაერო-ს დაფინანსება მანამ, სანამ გაერო არ გააუქმებს ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას.
„სენატორი გრემი ამ საკითხს უძღვება და მის თითოეულ ნაბიჯს მხარს ვუჭერ“, - განაცხადა მაკკეინმა.