„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, ბუნებრივი გაზის ხარისხი დადგენილ სტანდარტს შეესაბამება.
როგორც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ხარისხის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ ასახავს.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის თბოტევადობა არ უნდა იყოს 7600 კკალ/მ3-ზე ნაკლები, ხოლო ყოველდღიურად საქართველოში შემოსული და განაწილებული ბუნებრივი გაზი არის 8 ათას კკალ/მ3-ზე მეტი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის მიზნით, ფლობს სერთიფიცირებულ და აკრედიტირებულ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელებს ბუნებრივი გაზის სრულ ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს, რომლის შედეგები ყოველდღიურად შედის კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ასევე ავტომატურად აისახება კომპანიის ვებგვერდზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ხარისხის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, არ ასახავს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.