თურქმა გამომძიებლებმა, ფეთჰულა გიულენის საქმის გამოძიების ფარგლებში, 380 მეწარმის დაკავების ორდერი გასცეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, 380 მეწარმეს ბრალი ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში. გამომძიებლებმა მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკის ჩატარება მოითხოვეს.
ფეთჰულა გიულენს ბრალი ედება 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების განხორციელების მცდელობაში. თურქეთის ხელისუფლება აშშ-სგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თვითონ გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს.
გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთის ხელისუფლებამ 32 000 ადამიანი დააკავა, ხოლო 100 000-მდე პირი საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს.