გალარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა

გალარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა?

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის სესხებს. სუბსიდია შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ სასესხო დავალიანება აშშ დოლარით, როგორც 01.01.2015-ის, ასევე 28.11.2016-ის მდგომარეობით და აქვთ მიმდინარე დავალიანება აშშ დოლარით გალარების დღეს.

სუბსიდია არ შეეხება იმ მსესხებელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 28.11.2016-ის მდგომარეობით, სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება, ლარში კონვერსიის განმახორციელებელ კომერციულ ბანკში ან პორტირების შემთხვევაში, პორტირებამდე არსებული საბანკო კრედიტის/სესხის მომსახურე ბანკში არ აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 ან 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო.

როდის იქნება შესაძლებელი სესხების გალარება?

სესხების გალარების პროგრამა დაიწყება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ძალში შესვლის შემდგომ. კრიტერიუმები და პროგრამის დაწყების ზუსტი თარიღი განსაზღვრული იქნება უახლოეს მომავალში მთავრობის განკარგულების შესაბამისად. გალარების პროგრამა სავარაუდოდ დაიწყება 17 იანვარს.

რატომ შეირჩა 2015 წლის 1 იანვარი?

აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.

რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს?

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

რა კურსით მოხდება სესხის გალარება?

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთა მოცულობა 40 ათას აშშ დოლარზე მეტია?

ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 60 ათასი, მოხდება 40 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 20 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთაც განიცადეს რესტრუქტურიზაცია (მაგ თანხის დამატება, ან ვადის გაგრძელება)?

ასეთი სესხი ასევე მიიღებს მონაწილებას სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

შესაძლებელია თუ არა სესხის სხვა ბანკში გალარება?

მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

ეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და მერე მოხდა მისი გადოლარება?

2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული. სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.

შესაძლოა კომერციულმა ბანკებმა გალარებულ სესხზე შესთავაზონ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის მიერ 20 თეთრის სუბსიდირება არ იყოს საკმარისი ყოველთვიური გადახდების შესამცირებლად?

ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ლარის და აშშ დოლარი სესხების პროცენტებს შორის სხვაობა არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი იხდის სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. ისევე როგორც მაგ. ჯამრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზად ვართ ნორმალურ პირობებში გავწიოთ ხარჯი, რათა მოულოდნელად, თუნდაც დროებითი ფაქტორის გამო, არ აღმოვჩნდეთ მაღალი გადასახდელების პირობებში. სავალუტო რისკისგან თავს იმიტომ არ ვიზღვევთ, რომ გაუფასურებას ან გამყარებას ველოდებით. შესაბამისად, დაზღვევა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ გაწეული დანახარჯების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის საშუალებას.

მოახდენს თუ არა გავლენას გალარების პროგრამა გაცვლით კურსზე და ბანკების სავალუტო პოზიციაზე?

სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე.

გალარების პროგრამა გაზრდის თუ არა ფულის მასას?

ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება.