მას შემდეგ, რაც ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის "ტესლას" დამფუძნებელმა ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი მეგა ქარხნისთვის ევროპაში ადგილის შერჩევას აპირებს, მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ასე მოხდა საქართველოშიც. ორმა მეგობარმა სოციალურ ქსელში წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ელონ მასკს მეგა ქარხნის ასაშენებლად საქართველოს ტერიტორიას სთავაზობენ. ქართველებმა შექმნეს ფეისბუქ-გვერდი - Georgia wants you Tesla Gigafactory 2, რომლის მთავარი იდეა ელონ მასკის დაინტერესება და საქართველოს, როგორც ამ ქარხნისთვის საუკეთესო ადგილის შეთავაზებაა:
- 2016 წლის ნოემბერში ელონ მასკიმ განაცხადა, რომ ევროპაში "ტესლას" მეორე მეგა ქარხანა აშენდება და ამ ქარხნისთვის ლოკაციას 2017 წლის შუა პერიოდში შეარჩევს. მას არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, თუ სად აპირებს ამის განხორციელებას. ეს გავიგეთ თუ არა, გაგვიჩნდა იდეა, რომ ამისთვის საქართველო შეგვეთავაზებინა. მალევე ვნახეთ, რომ პორტუგალიელებმა შექმნეს ფეისბუქის ჯგუფი, რომელსაც დაახლოებით 40 000 წევრი ჰყავს. მათი აქტიურობა შეუმჩნეველი დიდ გამოცემებსაც არ დარჩენიათ. მაგალითად, "ფორბსს". ჩვენც შევქმენით გვერდი და ძალიან მალე, ჩვენსა და ჩვენს გამომწერებს შორის დისკუსიებით, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი აღმოვაჩინეთ, თუ რატომ არის კარგი "ტესლასთვის" ამ ქარხნის საქართველოში აშენება. რა თქმა უნდა, გამოჩნდა სხვადასხვა გამოწვევებიც, მაგრამ, ჩვენი აზრით, გადაულახავი არაფერია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრი ქართველი გაერთიანდეს ამ წამოწყების გარშემო, რითაც ჯერ ჩვენი ქვეყნის მთავრობა, შემდეგ კი თვითონ "ტესლას" ხელმძღვანელობა დაინტერესდება - ამბობს ფეისბუქის გვერდის - "Georgia wants you Tesla Gigafactory 2"- ერთ-ერთი დამფუძნებელი.
- სამთავრობო სტრუქტურებთან თუ გქონდათ საუბარი?
- საბოლოო ჯამში, ოფიციალური შეთავაზება სამთავრობო წრეებიდან უნდა მოხდეს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ელონ მასკი მოგვწერს და გვეტყვის, რა კარგი წამოწყებაა, აი ხვალიდან ვიწყებ მშენებლობასო. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ ამ წამოწყების საფუძველზე, მთავრობამ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები, შექმნან პროექტი და მერე "ტესლას" საინტერესო საინვესტიციო პაკეტი შესთავაზონ. ჩვენ ჯერ არავის შევხმიანებივართ, რადგან ჩვენთვის უმთავრესი იყო ხალხის ნება, სწორედ ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ სურვილი, საქართველოში ასეთი ქარხანა აშენდეს.
როგორც ჩანს, ხალხს ამის სურვილი აქვს, რადგან სამი კვირაა გვერდი დავაარსეთ და უკვე 11 000-მდე გამომწერი ჰყავს, ხოლო პეტიციაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა, 7 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. ჩვენ "ფეისბუქზე" გავმართეთ სადისკუსიო პანელი, სადაც ვმსჯელობდით, თუ რა კრიტიკულ კითხვებს დასვამდა ელონ მასკი საქართველოს, როგორც პოტენციური მეგაქარხნის ლოკაციის განხილვისას. უამრავი საინტერესო იდეა წამოვიდა, 5-6 კაცი რომ შევკრებილიყავით და გვემსჯელა, ამდენს ვერ მოვიფიქრებდით. ჯგუფის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ იდეებმა ერთად მოიყაროს თავი, რომლებსაც შემდეგ შეთავაზების პაკეტში მოვიცავთ. პროექტისადმი ამგვარ მიდგომას დღეს ინტერნეტსფეროში "ქრაუდსორსინგი" ჰქვია: ფეისბუქის გვერდის ყველა წევრი თავის წვლილს შეიტანს პროექტის ინიცირებაში და მისი ფუძემდებელი იქნება.
- რატომ იქნება საქართველოსთვის კარგი ამ მეგაქარხნის აშენება?
- არავის აქვს იმის ილუზია, რომ ქარხნის გახსნისთანავე, იქ ყველა თანამშრომელი საქართველოს მოქალაქე იქნება. ამ ქარხნის გახსნას მოყვება ძალიან დიდი გადამზადების პროგრამები, რის მერეც ჩვენ გვეყოლება ათასობით მაღალი დონის ინჟინერი, ექსპერტები, თუ სხვა. შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ დასაქმებულთა 80% იყოს საქართველოდან იყოს. იხილეთ გაგრძელება