ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ეს ბუნებრივია: ლარის კურსზე დამოკიდებულია ბიზნესი და საერთოდ, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი განსაზღვრავს ქვეყნის ყოველდღიურ ყოფას. დღეს ანუ 6 იანვარს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7303 ლარი გახდა, ეს მაშინ, როცა გუშინ 1 დოლარის ღირებულება 2.6692 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი დღეს 2.8649 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7858 ლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის მერყეობა ბოლო თვეებში აღარავის უკვირს, ეს მაინც სერიოზულ დაღს ასვამს ჩვენს ყოველდღიურობას. მოსახლეობაში მუდმივად ჩნდება ეჭვი - როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება, რა იქნება ხვალ და რამდენად საიმედოა ვალუტა, რომლითაც თითოეული ჩვენგანის ხელფასი განისაზღვრება? ეს კითხვები ეკონომიკის ექსპერტებს დავუსვით, რომლებიც აღიარებენ, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მაკალათია იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ლარის დასტაბილურება გამოიწვია:
ირაკლი მაკალათია - ახალი წლის წინა დღეებში ფულზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება, ლარის კურსის დასტაბილურება სწორედ ამის დამსახურება იყო. ამ ფაქტორს დაემატა ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდაც და ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ ვალუტის კურსი დასტაბილურდა, მაგრამ როგორც კი ლარზე მოთხოვნა შემცირდა, მისი დევალვაციის პროცესი ისევ განახლდა. ამის დასტურია ბოლო დღეების დინამიკაც. როგორც წესი, დევალავაციის პროცესი გაზაფხულზეც გრძელდება ხოლმე, ამიტომ ეროვნული ვალუტის გამყარებას უფრო მეორე კვარტლიდან უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ნიშნული 2,5-ზე დაბლა არ ჩამოვა თუნდაც იმიტომ, რომ ბიუჯეტი სწორედ ამ ნიშნულზეა დაგეგმილი. სავარაუდოდ, მინიმალური ზღვარი სწორედ ეს იქნება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი კი ის იქნება, თუ ლარის კურსის ცვალებადობა 2,5-2,6 ფარგლებში შენარჩუნდება - ეს შექმნილ სიტუაციაში იდეალური ვარიანტია. ჩემი აზრით, ლარის უფრო მეტად გამყარებას არ უნდა ველოდოთ.
იგივე მოსაზრება გამოთქვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ავთო სილაგაძემ:
ავთო სილაგაძე - უნდა ვაღიარო, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თქვენ წარმოიდგინეთ, ბიუჯეტი დაიგეგმა 2,5-ის ფარგლებში, რაც ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია და ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტი ამ მაქსიმუმზე დაიგეგმა, უფრო მეტიც, ჩვენ ეს ნიშნულიც ვერ შევინარჩუნეთ. ამჟამად ჩვენს ეკონომიკაში ქაოტური სიტუაციაა. მთავრობა უნდა დაინტერესდეს როგორია რეალური სურათი, რადგან ციფრები, რომელიც ქვეყნდება, სულ სხვაა და რეალობა - სულ სხვა. ეს ეხება 2%-იან იფლაციას, რომელსაც მე არასოდეს ვეთანხმებოდი, ეს ეხება არარეალურ სამომხმარებლო კალათას, ფასების ზრდას, რომელიც 1 იანვრიდან დაიწყო და ა.შ... მთავრობა კარგა ხანს ცდილობდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე უარყოფითი პროცესები საგარეო ფაქტორებით აეხსნა და საშინაო პრობლემებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. იმედია, რომ წელს ეს მიდგომა შეიცვლება და საქართველოს მთავრობა უფრო ღრმად ჩახედავს და შეისწავლის პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკაშია.
ავთო სილაგაძის შეფასებით, ლარის დევალვაციის შერბილება დროებითი ფაქტორებით იყო განპირობებული:
ავთო სილაგაძე - 2016 წლის ბოლოს ყველასათვის უსიამოვნო პროცესი შეწყდა და გაცვლითი კურსის შერბილება დაიწყო, მაგრამ ეს ეკონომიკაში რაიმე მნიშვნელოვანი გარდაქმნის ბრალი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი 2,64-2,65-იც კი გახდა მაშინ, როცა ერთხანს 2,80 იყო. ეს განაპირობა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა გადასახადების გადახდა, ყველაზე მთავარი მიზეზი იყო საახალწლო პერიოდი, რადგან საახალწლოდ ადამიანები უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე სხვა დროს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ შიში, რომ დევალვაციის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობის და ეროვნული ბანკის მიმართ ხალხის დამოკიდებულება გართულდებოდა. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვებიც გამოიტანა და დახარჯა. სამწუხაროდ, ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯი იყო და აჯობებდა ეს რეზერვები სულ არ გამოეტანა. ამ ყველაფერმა ლარის 10-12 პუნქტით გაძლიერება გამოიწვია. ახლა ეს ფაქტორები უკვე აღარ მოქმედებს და ახალი წლის შემდეგ ერთი კვირაც არ გასულა, ისევ დაიწყო კურსის დაცემა. მაშინ ისმის შეკითხვა - თუ ზემოთ ხსენებული ფაქტორები არ იყო წამყვანი, ასე უცებ რა მოხდა?
ძალიან ცუდი ტენდენცია იკვეთება - სახეზეა ფასების ზრდაც და ვალუტის კურსის გაუფასურებაც. ამის გამო მოსახლეობის ძალიან დიდი ფენა რეალურ შემოსავალს კარგავს. ეს ტენდენცია ვერ შეჩერდება და ფასების ზრდას ვეღარ დავემალებით, მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა ძველი მარაგები ამოწურულია და ახალი მოსავალი ჯერჯერობით არ არის. თებერვალი-მარტი ტრადიციულად ყოველთვის რთული თვეებია და წელს არანაკლებ რთული იქნება. ამ სიტუაციაში გამოსავალი ერთადერთია: მოსახლეობა უნდა ენდოს მის მიერ არჩეულ მთავრობას, მაგრამ მთავრობამაც სათანადოდ უნდა იმუშაოს და ეს ნდობა გაამართლოს“, - აცხადებს ავთო სილაგაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე