2016 წელს სტიქიური უბედურებებით გამოწვეულმა ზარალმა 175 მილიარდი დოლარი შეადგინა

მიწისძვრა იაპონიაში, გამანადგურებელი წყალდიდობები ჩინეთში, დამანგრეველი ქარიშხალი ჰაიტიში - 2016 წელს მომხდარი ამ სტიქიური უბედურებებით გამოწვეულმა ზარალმა 175 მილიარდ დოლარს მიაღწია.

"სიენენის" ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში გლობალური ხარჯები ყველაზე მაღალი იყო.

ყველაზე დიდი ზარალის მქონე სტიქიური უბედურებები აზიაში მოხდა. იაპონიაში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ ქვეყანას 31 მილიარდი აშშ დოლარის ზიანი მიაყენა, ხოლო ზაფხულში ჩინეთში მომხდარმა წყალდიდობებმა 20 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია.

ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი ზარალის მომტანი ქარიშხალი მეთიუ იყო, რამაც ჰაიტიში ასობით ადამიანი იმსხვერპლა და 10 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია.

2016 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 160 სტიქიურ უბედურებას ჰქონდა ადგილი, რაც არ მომხდარა 1980 წლის შემდეგ.

სადაზღვევო კომპანიების ინფორმაციით, 2016 წელს სტიქიური უბედურებების შედეგად 8 700 ადამიანი გარდაიცვალა.  2015 წელს ეს მაჩვენებელი 25 400 ადამიანს შეადგენდა.