2017 წლის 1 იანვრიდან, „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, რაც ავტომობილებზე, საწვავსა და საავტომობილო ზეთებზე აქციზის გაზრდას გულისხმობდა, ტაქსის მომსახურების ტარიფებიც გაიზარდა.
როგორც კომპანია „ტაქსიფაიმ“ მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, 6 იანვრიდან მგზავრობის ტარიფი 10 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, თუ კილომეტრზე გადაადგილება 50 თეთრი ღირდა, 6 იანვრის შემდეგ 1 კილომეტრზე მგზავრობის ღირებულება 60 თეთრი გახდა; 10 თეთრიდან 12-მდე გაიზარდა მოლოდინის რეჟიმის ღირებულებაც 1 წუთზე.
როგორც კომპანია „სითი ტაქსის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 1 იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებები მნიშვნელოვნად არა, მაგრამ ტაქსით მგზავრობის საფასურზეც აისახა.
მისივე ცნობით, კილომეტრზე მგზავრობის ღირებულებამ 8 თეთრით მოიმატა და შესაძლოა, კიდევ 2-4 თეთრით გაიზარდოს. რაც შეეხება ფიქსირებულ ტარიფებს, 1 იანვრიდან 50 თეთრიდან 1 ლარამდე ფარგლებში მოხდა მატება. მაგალითად, თუ გადაადგილება 3 ლარი ღირდა, დღეის მდგომარეობით 3.50 ღირს; შორ მანძილზე კი თუ მგავზრობის საფასური 7 ლარი იყო, დღეს 8 ლარი გახდა.
ტყეშელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ ტარიფების ზრდა ყველა კომპანიისთვის წამგებიანი იქნება და კლიენტებზეც და მძღოლებზეც უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, იმის პროგნოზიც უჭირს, კიდევ შეიცვლება თუ არა ტაქსით მგზავრობის ღირებულება.