Mercedes-Benz -მა BMW საბოლოოდ დაამარცხა

გერმანული პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz გაყიდვების პიკშია. არსებობის ისტორიაში პირველად, კომპანიამ 2 მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 2020 წლისთვის იყო ნავარაუდევი.

Mercedes-Benz-მა პრემიუმ სეგმენტში მსოფლიო პირველობა უშუალო კონკურენტ BMW-სთან ჯერ კიდევ 2005 წელს დათმო, თუმცა 11 წლის შემდეგ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია. 2011-2014 წლებში კი გერმანული ავტომწარმოებელი ლიდერების სამეულში მესამე იყო, BMW-სა და “აუდის“ შემდეგ.

გასული წლის დეკემბერში კომპანიამ, წინა წელთან შედარებით 6.8%-ით მეტი - 190,269 ავტომობილის რეალიზება მოახერხა, 2016 წლის საერთო მაჩვენებელში კი ზრდა 11.3%-ია და 2 083 888-ს შეადგენს. კომპანიისთვის მეტად წამატებული აღმოჩნდა ჩინეთის ბაზარი, სადაც ნახევარ მილიონამდე ავტომობილის გაყიდვა შეძლო, შემდეგ მოდის აშშ - 340 ათასი ავტომობილით და გერმანია 293 ათასით.

2016 წლის საბოლოო მონაცემებით, BMW-ს გაყიდვებმა - 2 003 359 შეადგინა და "მერსედესის" მსგავსად, პირველად გასცდა 2 მილიონიან ზღვარს, ხოლო "აუდის" გაყიდვებმა ზრდის მიუხედავად 1 871 350 შეადგინა. 

კოკა კვირკველია