აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ სულხან ღლონტი დაინიშნა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან იუწყებიან, დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი თავმჯდომარე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ დღეს წარუდგინა. შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ სულხან ღლონტის განათლებასა და გამოცდილებას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ის არის ეფექტური მენეჯერი და მისი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დეპარტამენტმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განავითაროს რეგიონში და ის 4 სეზონზე ვიზიტირებად ადგილად აქციოს.
თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ბერძენიშვილსა და ტურიზმის დეპარტამენტის გუნდს რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული საინტერესო პროექტებისთვის.
რაც შეეხება, ტურიზმის დეპარტამენტის უკვე ახალ ხელმძღვანელს სულხან ღლონტს, ის მოვალეობის შესრულებას უკვე დღეიდან შეუდგა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ დეპარტამენტში რაიმე სახის ხელოვნური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ის მზადაა თავისი გამოცდილება და განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით დეპარტამენტის ეფექტურ საქმიანობასა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას მოახმაროს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სულხან ღლონტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. ის პროფესიით არის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მას ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები/კურსები ევროპასა და ამერიკაში. სულხან ღლონტი 2012 წლიდან იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნების შემდეგ კი მას პოლიტიკური მოღვაწეობა არ გაუგრძელებია.