”ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სავარაუდოდ, ეკონომიკური ბლოკის ერთ-ერთ სამინისტროში დასაქმდება , - ამის შესახებ თავად დავით ლორქიფანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი შეთავაზება ”ქართული ოცნებისგან” მიიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლომდე იქნება მიღებული.
”ქართულ ოცნებას” მე ვთავაზობ ჩემს განვლილ გზას, ბეგრაუნდს, ძალიან დიდ გამოცდილებას და პრაქტიკულ საქმიანობას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაში, საჯარო სამსახურში, ბიზნეს სექტორში. მოგეხსენებათ, მე ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი, ”ზარაფხანას” გენერალური დირექტორის თანამდებობას ვიკავებდი რამდენიმე წელი, ვარ ეკონომისტი, პოლიტიკოსი, არანაირი შემოთავაზება, რომელიც იქნება თანაზომადი ჩემს განვლილ გზასთან, არ იქნება ჩემთვის მიუღებელი. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების მიმართულებით იყო შემოთავაზება, უბრალოდ, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ ბოლომდე”, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
არსებული ინფორმაციით, დასაქმების მიმართულებით მოლაპარაკებები პარლამენტს მიღმა დარჩენილ კიდევ რამდენიმე დეპუტატთან მიმდინარეობს.