სავაჭრო ცენტრს „ლილო მოლი“ გაზაფხულიდან „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი ექნება. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა ლევან გაგუამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საიტს სავარაუდოდ lilomarket.ge ერქმევა.
მისივე ცნობით, საიტზე საცალო და ბითუმი შესყიდვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ პრიორიტეტი მაინც მწარმოებლებისგან ბითუმად შეძენის უზრუნველყოფა იქნება.
ბითუმი ვაჭრობის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება არა მარტო ქვეყნის მასშტაბით მოხდება, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საცალო ვაჭრობას, გაგუა აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მიწოდება მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით იქნება შესაძლებელი.
„შეიძლება ითქვას ელექტრონულ „ლილო-მოლს“ ვაკეთებთ, სადაც სასურველი ნივთის შეძენა დროის დაკარგვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს იქნება „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი, რომელსაც დამატებითი სერვისებიც ექნება. მაგალითად პირდაპირ შეძენის გარდა, მოქალაქეს შეეძლება სურვილის შემთხვევაში ჯერ ნიმუში მიიღოს, ნახოს და შემდეგ შეიძინოს პროდუქტი; ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ადგილზე მიიღოს რამდენიმე პროდუქტი და მათგან სასურველი აარჩიოს. თუმცა, ამ მომსახურებას შესაძლოა დამატებითი ღირებულებაც ჰქონდეს,“ - აღნიშნა გაგუამ.
საიტი სამ ენაზე - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, კომპანია გაყიდვების ონლაინ საიტის მეშვეობით ექსპორტს ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში გეგმავს.