აქციზის გაზრდის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საწვავის ფასმა 2 ლარს მიაღწია. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მომატებული აქციზი საწვავის ფასში ბოლომდე არ ასახულა, ამიტომ ახლო მომავალში ბენზინი და დიზელი შეიძლება ცოტა კიდევ გაძვირდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი ლარი ოდნავ მაინც გამყარდება და მსოფლიო ბაზარზეც შავი ოქროს ფასი დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდება, შესაძლოა, ადგილობრივი ბაზარი ფასის მორიგ ზრდას გადაურჩეს კიდეც.
მიუხედვად იმისა, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო ბაზარზე არ შეინიშნება რამე ტიპის რყევა, მენავთობეები პროგნოზის გაკეთებისას ძალიან ფრთხილობენ. მათი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ფასსა და ლარის კურსის ცვალებადობაზე.
ბრენდირებულ სადგურებში ყველაზე იაფი - "რეგულარის" მარკის ბენზინი 2 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 1,95. არაბრენდირებულ სადგურებში საწვავის ღირებულება 1,85-1,87 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ეტაპზე ბენზინის საბითუმო ფასი 1,82-ია, ხოლო დიზელის - 1,75-1,80 თეთრი.
საწვავის გაძვირებას არ ელოდება კომპანია "სენტას" ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ახლო მომავალში ბენზინისა და დიზელის ფასის ფორმირებას სხვა ფაქტორები გამოიწვევს და არა აქციზი. საცალო ღირებულების გაზრდა დამოკიდებულია როგორც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, ასევე ეროვნული ვალუტის კურსზე, რომლის მერყეობა მყისიერად აისახება ნებისმიერ საქონელზე.
"რაც დღეს გვაქვს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ფასი. იქ აქციზის კომპონენტი უკვე ასახულია და შემდგომი მატება ან კლება გადასახადზე აღარ იქნება დამოკიდებული. სამომავლოდ უკვე სხვა ფაქტორები ამოქმედდება - საერთაშორისო ბაზრის ფასი და ლარის კურსის ცვლილება. აქციზმა უკვე მოახდინა გავლენა და ამას ყველა თვალნათლივ ვხედავთ. დღესდღეობით ბენზინის საბითუმო ფასია 1,82 ლარი, ხოლო დიზელი მერყეობს 1,75-დან 1,80-მდე", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
ნავთობიმპორტიორთა ნაწილი კი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აქციზის გადასახადი არ არის ბოლომდე ასახული დღევანდელ ფასში, მაგრამ ამჟამინდელი ღირებულება რეალობასთან ძალიან მიახლოებულია. ახლო მომავალში საწვავის ფასი ამ ნიშნულზე შენარჩუნდება ან მოიმატებს მაქსიმუმ 5 თეთრით. პარალელურად, ნავთობპროდუქტების ფასის ცვლილება დამოკიდებულია ლარის კურსზეც. თუ ეროვნული ვალუტა ცოტათი მაინც გამყარდა, ამან შეიძლება აქციზის გაზრდით მიღებული სხვაობა დააბალანსოს. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ფასთან დაკავშირებულ რაიმე სახის შესამჩნევ მერყეობას ადგილი არ ექნება.
კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ღირებულებას განსაზღვრავს, როგორც მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ასევე იმ ქვეყნებში მოქმედი ვალუტის კურსი, რომლებთანაც ქართული კომპანიები აწარმოებენ გარიგებას.
"ფასი მუდმივად იყო და იქნება ცვალებადი - ხან მოიმატებს, ხან დაიწევს. ეს არის უკვე ყველასთვის ნაცნობ კომპონენტებზე დამოკიდებული: საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულებასა და ვალუტის კურსზე. ასევე გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი იმ ვალუტასთან მიმართებით, რომლითაც ხდება გარიგებები. სამომავლოდ ფასი იქნება ისეთი, რასაც განაპირობებს ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა.
ჩვენი კომპანია ცდილობს, ჰქონდეს შეძლებისდაგვარად დაბალი ფასი. ასეთი მიდგომა ხან გამოგვდის და ხან არა, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებთ. ჩვენი სტრატეგიაა, რომ დაბალი ფასის ნიშა შევინარჩუნოთ, ამას მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებთ", - განუცხადა "რეზონანსს" მიშველაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"