შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი გადასახადის გადამხდელებს დღეს საქართველოს მასშტაბით, 12 ქალაქში წარუდგინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელთათვის ღია კარის დღე გამართა. მათი ცნობით, თბილისში, ასევე თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მარნეულსა და ზესტაფონში გამართულ ღია კარის დღეზე გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ახალი რეგულაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში უპასუხეს გადამხდელთა შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 31 იანვრის ჩათვლით, პერმანენტულად გაიმართება. შეხვედრათა გრაფიკი, ასევე დეტალური ინფორმაცია მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ, განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge.
”მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადი, რომელსაც გარკვეული კატეგორიის პირები გადაიხდიან, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევიდა”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.