ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, გალარების პროგრამით მოქალაქეებისთვის ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები შესუსტდება და აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სტაბილიზაციისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი. „აღნიშნული ფინანსური ტვირთის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას დოლარში აქვს სესხი. გალარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეებზე ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი სურვილის შემთხვევაში დოლარში ნომინირებული იპოთეკური სესხები ლარში გადაიტანონ“, - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ მთლიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება.
გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება. ბანკები 5 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.