რევაზ არველაძე - თუ საქართველო არსებულ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა, რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგებდა, საქართველო კი ფულისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩებოდა

სპეკულაციური განცხადებები, რომ დავიღუპეთ და ტარიფი გაიზრდება, ნამდვილად ყოველგვარ აზრს არის მოკლებული , - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა რევაზ არველაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ პირობებში ქართულმა მხარემ მაქსიმალურად მოახერხა ქვეყნის ინტერესების დაცვა. არველაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არსებულ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა, რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგებდა, საქართველო კი ფულისა და ბუნებრივი არის გარეშე დარჩებოდა.

“გაზპრომი” ამბობს, რომ 2017 წელს შემიძლია, სომხეთს მოთხოვნადი გაზის ნახევარი ირანიდან მივაწოდო, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო 2018 წლის ბოლოს მთლიანად დავაკმაყოფილოო. გამოდის, რომ საქართველო რჩება ფულის გარეშეც და გაზის გარეშეც, აქედან გამომდინარე უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის.

სპეკულაციური განცხადებები, რომ დავიღუპეთ და ტარიფი გაიზრდება, ნამდვილად ყოველგვარ აზრს არის მოკლებული”,- განაცხადა რევაზ არველაძემ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.