საქართველოში 1 ტურისტი 300 დოლარს ხარჯავს, ევროპაში - ორჯერ მეტს

ტურიზმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ხედვა კვლავ გადაჭარბებულია. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით ციფრები ყოველწლიურად ელვის სისწრაფით იზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წელსაც მთავრობა 6 მილიონზე მეტ დამსვენებელს ელოდება, რაც ექსპერტებს არარეალურად მიაჩნიათ. თითოეული მათგანიდან კი, საშუალოდ, 300 დოლარის დახარჯვას ელოდებიან.

შარშან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიმოიხილა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და მიღებულია 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი, რაც ძალიან კარგი შედეგია.

"ეს არის იმ საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე საქართველოს როგორც მიმზიდველი ტურისტული ცენტრის მიმართულებით. ვფიქრობთ, ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ოთხსეზონიანი კურორტების შექმნის, ასევე ახალი გზების მშენებლობის კუთხით და ზამთრის კურორტებზე საჯარო თუ კერძო პარტნიორობის მოდელების განხორციელების მიმართულებით, კიდევ უფრო გასაფართოებელია. მას მოაქვს კონკრეტული შედეგები, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით ეს მიმართულება გაგრძელდება და გაძლიერდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტურიზმის სფეროს ექსპერტი მარინა მეტრეველი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ის შედეგები, რასაც საქართველოს მთავრობა აქვეყნებს, ტურისტების რაოდენობისა და ტურიზმიდან ბიუჯეტში მიღებული თანხის სახით, არარეალურია. ქვეყანას არ აქვს გამიჯნული ტურისტებიდან და ვიზიტორებიდან შემოსავლები, რის გამოც მონაცემებზე საუბარი რთულია.

"ეს არის საშუალო თანხა, რომელსაც ერთი ტურისტი ხარჯავს საქართველოში და ნამდვილად არ არის რეალური. ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა არ ითვლება სწორად. ყველა ვიზიტორს, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს, ტურისტის სტატუსს ანიჭებენ. აუცილებელია რეალურ რიცხვთან მიახლოებული სტატისტიკა, უნდა გაიმიჯნოს ტურისტი ვიზიტორისგან.

ყველა, ვინც კი გადმოკვეთა საზღვარი, ტურისტული მიზნით შემოვიდა თუ არა, ეს ჯერ კვლევას არ ექვემდებარება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენია ნამდვილი ტურისტი და როდესაც მათთან მისასადაგებლად ამრავლებენ ამ რიცხვს, ვთვლი, რომ გადაჭარბებულია. ყოველთვის, ნებისმიერი საბიუჯეტო შემოსავალი ტურიზმიდან იყო არარეალურ გათვლაზე დაფუძნებული. ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს.

დავუშვათ, ტურისტი, საშუალოდ, ხარჯავს 315 დოლარს. ამ რიცხვს თუ გავამრავლებთ იმ ტურისტების რაოდენობაზე, რომლებიც საზღვარს კვეთენ, მივიღებთ კი ტურიზმიდან შემოსავალს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას სჭირდება სიზუსტე. როდესაც ყველაფერს დაითვლიან და რეალურ შედეგს მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, აღარ გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ტურისტი", - განუცხადა "რეზონანსს" მეტრეველმა და იქვე 2017 წლის ტურისტულ სეზონზეც გაამახვილა ყურადღება.

"ახლა დგება სამოქმედო პროგრამა ყველა იმ უწყებისა, რომლებიც თავიანთ ღონისძიებებს განახორციელებენ 2025 წლის ჩათვლით. სანამ არ გვეცოდინება ამ გეგმების შესახებ, მანამ ვერ ვიტყვით, როგორი ტურისტული სეზონი გველოდება წინ. ბოლო წლების მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მდგომარეობა არც ისე ცუდია და მეტ-ნაკლებად ტურისტების რაოდენობა იზრდება", - განაცხადა მეტრეველმა.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტ მანანა ალადაშვილს საქართველოში შემოსული ტურისტების რიცხვი და მათ მიერ დახარჯული თანხა არარეალურად არ ეჩვენება. მისი თქმით, ტურპაკეტის ზემოთ ტურისტი ორმაგ თანხას ხარჯავს, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის მომგებიანია. მან ასევე საქართველოს მონაცემები ევროპის ქვეყნების მონაცემებს შეადარა და იტალიის მაგალითზეც იმსჯელა, სადაც ერთი ტურისტის მიერ დახარჯული საშუალო თანხა 600 დოლარს შეადგენს. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც ტურისტების აქტიურობას გამოიწვევს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

"როდესაც ტურისტული კომპანიების ანალიზი გაკეთდა (ჩემი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი), აღმოჩნდა, რომ დამატებით მომსახურებაში ტურისტები, ტურპაკეტის ზემოთ, ხარჯავენ საკმაოდ ნორმალურ თანხას. საშუალო საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებით, ერთი ტურისტი ქვეყანაში "ტოვებს" 600 დოლარს. ჩვენთან როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი 300 დოლარის ფარგლებშია. ამის გაზრდა შესაძლებელია, თუ მივმართავთ სხვადასხვა აქტივობას, ღონისძიებებს, რაც ტურისტს დააინტერესებს.

მაგალითად, იტალიაში შეიძლება გაიარო 15 კმ და არსად იყოს სკვერი ან ელემენტარულად სკამიც კი, სადაც შესაძლებელია დასვენება. იქ სპეციალურადაა გაკეთებული ქუჩის კაფეები, რაც ტურისტისთვის თავშესაფრის მსგავსია. მსგავსი წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც.

სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მკაფიოდ ჩანს, რომ იზრდება ტურისტთა და ვიზიტორთა რაოდენობა. ამას გარდა, ყველა საბაჟოზე გარკვევითაა გამიჯნული ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვი. აქედან გამომდინარე, რიცხვი, რომელსაც მთავრობა ასახელებს, ნამდვილად არ მიმაჩნია არარეალურად", - განუცხადა "რეზონანსს" ალადაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"