ზამთრის ტანსაცმლისა და სათხილამური აღჭურვილობის წარმოება ორმა ქართველმა მეგობარმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანია „ატას“ მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე.
„ეს არის როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის ჰაერგამტარი და წყალგაუმტარი პროდუქცია. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პროდუქცია უკვე შევიტანეთ სავაჭრო ქსელ „კარფურში“, - აღნიშნა „ატას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თეონა ბაღდავაძემ.
კომპანია უახლოეს მომავალში ტანსაცმლის ექსპორტზე გატანასაც არ გამორიცხავს. ამასთანავე, იგეგმება პარტნიორ პროვაიდერებთან ერთად ონლაინ გაყიდვების დაწყებაც.
საწარმოში, რომელიც გაფართოებას და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს იმპორტირებული პროდუქციის გამოყენება (ქარგვიდან დაწყებული, სხვადასხვა დეტალებით დამთავრებული), ამ დროისათვის 14 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ზამთრის ტანსაცმლის გარდა, „ატა“ მომავალში საგაზაფხულო პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს.