ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი მფლობელის ვინაობა ცნობილია. აჭარის მთავრობის ცნობით, აუქციონში კომპანია „health care group“-მა გაიმარჯვა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს 100%-იანი წილის (ს/კ 248384234) პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გუშინ დასრულდა. ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100 %-იანი წილი 2 მლნ 5 ათას ლარად გაიყიდა. სულ ვაჭრობისას გაკეთდა 762 ბიჯი.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გატანილი.
შეგახსენებთ, რომ საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისთვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 36 თვის ვადაში. პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია. აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულმა პირმა ნასყიდობის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი 16 დეკემბერს გაიტანა.