სამთავრობო პროგრამებით შევქმენით ქართული პროდუქტი, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სწრაფი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები („აწარმოე საქართველოში,“ ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო,“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, „დანერგე მომავალი“ და ა.შ.)
„პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეობის მხარდაჭერის სხვა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამები გარკვეულ ეტაპზე მივიდნენ და გადადიან შემდეგ ეტაპზე. რა არის აქ მნიშვნელოვანი და რატომ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე? გადავდივართ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შევქმენით და მივაღწიეთ განვითარების რაღაც დონეს, როდესაც ქართული საწარმოები ქმნიან კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქტს. შესაბამისად, ვთვლით, რომ შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ასეთი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამების მიზნობრიობის გაზრდა, მათი ურთიერთსტრუქტურირების ხარისხის გაზრდა, რათა სინერგიის ეფექტის საშუალებით სახელმწიფოს მიერ დახარჯულმა თითოეულმა თეთრმა მოიტანოს უფრო მეტი ეფექტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პოზიტიური მასშტაბირების ეფექტი იყოს უფრო დიდი.
„ჩვენ უკვე შეგვიძლია მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ სხვა პროდუქტებთან თანაბარ პირობებში იყიდეთ ქართული, რადგან ის არის კარგი და კონკურენტული. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ საქმეში შეიტანოს საკუთარი წვლილი - ზოგს ინტერნეტსივრცეში, ზოგს შესყიდვებში, ზოგს შეუძლია იმოგზაუროს რეგიონებში და ქართული პროდუქციის პრომოცია გააკეთოს. ყველამ უნდა შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყოს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი და მას მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ორი წელია წარმატებით ხორციელდება და მან მიაღწია ძირითად მიზანს - საქართველოში შეიქმნა ქართული პროდუქტი, ადგილობრივი კომპანიები უკვე უშვებენ მაღალხარისხიან, კონკურენტუნარიან ნაწარმს, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს იმპორტი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საექსპორტო ბაზრებზე.
სწორედ ამ პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქში შერჩეულ ლოკაციებზე იგეგმება „საკვირაო გამოფენა-გაყიდვების“ ორგანიზება, სადაც საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება.