წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ წვენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების დაჩქარებას ითხოვს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ბუაძემ განაცხადა, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება დაარეგულირებს ბაზარზე თამაშის წესებს და ქართულ პროდუქციას უცხო ქვეყნის ბაზრებზე კონკურენტუნარიანს გახდის.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, წვენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებასთან დაკავშირებით ისინი ინიციატივით შარშან გამოვიდნენ, დაიწყო საუბარი სახელმწიფო სტრუქტურებთან. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, კარგი იქნება თუ აღნიშნული პროცესი დაჩქარდება და როგორც რძის სფეროში მოხდა რეგლამენტის მიღება, ანალოგიური განხორციელდეს წვენების დარგში.
„ამ რეგულაციის შემოღების შედეგად დარეგულირდება ეტიკეტირების სტანდარტები და ბაზრის მოთამაშეებს შორის თამაშის წესები. როდესაც ამ რეგლამენტის მიღება მოხდება, შესაბამისად, ბაზარიც დაიწმინდება უხარისხო პრუდუქციისგან. ამისგან მომხმარებელიც მიიღებს სარგებელს და მწარმოებელიც. ეს არის სწორი ნაბიჯი და ამ გზით უნდა ვიაროთ სხვა სფეროებშიც“, - განაცხადა ბუაძემ.
გარდა ამისა, როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას არ უწევს გადასახადის 12%-ის გადახდა, ხოლო იმ ნედლეულზე, რომელიც „კამპას“ საქართველოში შემოაქვს, გადასახადის გადახდა უწევს.
„ისეთ ტროპიკულ ნედლეულზე, რომელიც საქართველოში არ მოდის და ვერც მოვა, გვიწევს 12%-ის გადახდა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და სამწუხაროდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ იმედია ესეც გამოსწორდება“, - განაცხადა ბუაძემ.
მისივე თქმით, კომპანია „კამპა“ დღესდღეობით 35 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ექსპორტზე დსთ-ს ქვეყნებში, დუბაიში, ასევე ჩინეთშიც. ბუაძე მომავალში ექსპორტის გაფართოვებას ვარაუდობს. როგორც ბუაძემ აღნიშნა, „კამპას“ პროდუქცია შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს „წვენებისა და ნექტარების შესახებ“ და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის გატანა შესაძლებელია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
გარდა ამისა, ,,კამპას” გენერალური დირექტორი ქართველი მომხმარებლების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც საუბრობს.
,,მნიშვნელოვანია ქართველმა მომხმარებელმა გააცნობიეროს ის, თუ რა მოჰყვება ქართული პროდუქციის შეძენას. ის, რომ ადგილობრივი საწარმოები ასაქმებენ ხალხს, იხდიან გადასახადებს, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებლისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას ჩვენი როგორც მეწამეების გამოწვევა და ვალდებულებაა, რომ ჩვენ ვაწარმოოთ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომ მომხმარებელს იმის პირობა შევუქმნათ, რომ ქართული პროდუქტი იყიდოს“, - განაცხადა ბუაძემ.
ნათია რუხაძე