ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილმა კანონპროექტმა საჭირო ექსპერტიზა გაიარა და მასში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამის მხარეებთან კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები. მისივე თქმით, ტექნიკურ საკითხებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით უმჯობესი იქნება, საზოგადოებამ თავად ონლაინსესხების კომპანიებისგან მიიღოს ინფორმაცია.
”რაც შეეხება იმას, რამდენად ხდებოდა კონსულტაციები და ამ საკითხების დამუშავება, იყო შეხვედრები, ხდებოდა კითხვებზე პასუხის გაცემა, იყო საკმარისი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ კომპანიებს ასოციაციების საშუალებით ჰქონდათ შესაძლებლობა ბევრი კითხვა დაესვათ ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, თუ რაიმე დამატებითი ტექნიკური ხასიათის განმარტება იქნება მისაცემი, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამას აუცილებლად გააკეთებს.
”იმ კანონპროექტმა, რომელიც მიღებულია, გაიარა ის ექსპერტიზა რაც მას სჭირდება და არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს მასში. ვიმეორებ, კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები, თუკი რაიმე დამატებითი ტექნიკური ხასიათის განმარტება იქნება მისაცემი, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამას აუცილებლად გააკეთებს”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, თუმცა, როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ აღნიშნა, ჩამოუყალიბდათ გარკვეული შენიშვნები. მისივე თქმით, ეროვნული ბანკისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს კანონპროექტებს, აღმოფხვრილი იქნება.
პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.