საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ.
პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს 2016 წელს. პროექტის დასრულებისთანავე საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ახალ სავაჭრო პლატფორმას კომპანია მონტრანისგან, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა.
სებ-ის ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო პლატფორმა უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და ინტეგრირებული იქნება ანგარიშსწორების ერთიან სისტემასთან.
დღეს ეროვნულ ბანკში მხარეთა შორის ხელშეკრულებები გაფორმდა და პროექტის საორგანიზაციო საბჭოს პირველი შეკრებაც გაიმართა, რომელშიც ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარისა და კომპანია მონტრანის წარმომადგენლები შედიან.
ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლის ბოლოდან წარმატებით მუშაობს. მისი მომწოდებელია ამერიკული კომპანია Montran Corporation, რომლის ანალოგიურ სისტემებს იყენებენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. 2010 წელს პროექტი USAID-ის თანადაფინანსებით წარიმართა და ორ კომპონენტს შეიცავდა. მეორე კომპონენტი RTGS სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ყველა ბანკთაშორისი გადარიცხვა ლარით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში RTGS სისტემის ახალი ვერსიის დანერგვაც არის დაგეგმილი.
როგორც სებ-ში აცხადებენ, დღეს მოქმედი სისტემით ანგარიშსწორება ეროვნულ ბანკში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. ახალი სისტემა საშუალებას მოგვცემს ყველა ტიპის ქართული ფასიანი ქაღალდით (კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციების და აქციების ჩათვლით) ანგარიშსწორება იყოს ავტომატიზირებული, სწრაფი, დაცული და მოსახერხებელი. ახალი სისტემის მეშვეობით ანგარიშსწორება განხორციელდება ურისკო DvP მეთოდით, ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე (settlement in central bank money). სისტემის ინტეგრაცია როგორც საფონდო ბირჟის, ისე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემებთან მოგვცემს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სრული ციკლის ავტომატიზაციას. ავტომატიზებული იქნება ასევე პროცენტის, დივიდენდის, ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხის გადახდის ოპერაციები, ასევე მათი დაგირავება ეროვნულ ბანკში ან ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს შორის.
პროექტი განხორციელდება ისეთ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა ECB (ევროპის ცენტრალური ბანკი), EBRD და Clearstream. პროექტის ხარჯებს ეროვნული ბანკი, საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი გაინაწილებენ. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„აღნიშნული პროექტი იმ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ემსახურება. ეროვნულ ბანკში უკვე 2010 წლიდან წარმატებით მუშაობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა. იგეგმება მისი განახლება და ფუნქციონალური განვითარება. მასში ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვით სისტემა უკვე მთლიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს მოემსახურება. ასევე, ეს ხელს შეუწყობს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის გაადვილებას, ვინაიდან ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა უფრო საიმედო და თანამედროვე ხდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან აღნიშნული ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის განვითარების კუთხით.
„ის ხელს შეუწყობს პროცესების ავტომატიზაციას, გაამარტივებს და უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდის საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის ოპერაციებს და მათი საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი გახდება. ეს კი ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობების და ლიკვიდობის ზრდას, ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტების, ინვესტორებისა და ემიტენტების გამოჩენას, რაც, თავის მხრივ, გაუადვილებს ადგილობრივ კომპანიებს კაპიტალზე წვდომას“, - განაცხადა საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა.