„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ხელმოწერას არასწორ ნაბიჯად აფასებს. როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებულ და ახლახან პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის რეგულირებას, არაკონსტიტუციურია, შესაბამისად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება უნდა გამოეყენებინა.
„პრეზიდენტი არასწორად მოიქცა. ეს საქმე უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული კანონით, საქართველოში ყველა ადამიანს, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს უფლება, გასცეს სესხი უცხოურ ვალუტაში. ერთადერთი, ვისაც ეს არ შეუძლია, არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რაც აშკარად დისკრიმინაციულია და არღვევს თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს. ამის შეგნებულად ჩადენა არავის უნდოდა, მაგრამ უნებლიეთ გამოუვიდათ. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა საპარლამენტო მოსმენების დროს, ამაზე ყურადღება არ მიუქცევიათ. საქმე შემდეგშია - იკრძალება ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში 100 ათას ლარამდე ექვივალენტით. ასი ათას ერთი ლარი და მეტი არაა პრობლემა. ყველა გამსესხებელი შეიძლება მოიქცეს ასე, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რადგან სხვა კანონი უკრძალავს მას ერთ მსესხებელზე 50 ათას ლარზე მეტის გაცემას. გამოდის, რომ მხოლოდ მას ჩამოერთვა ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში ფულის გასესხების უფლება“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, როცა რესურსების უდიდესი ნაწილი მოზიდული გაქვს დოლარებში და გაიძულებენ მის მხოლოდ ლარში გაცემას, გარდა წმინდა სამართლებრივი პრობლემისა, დგას სერიოზული ფინანსური რისკების საკითხიც.
„როგორც ჩანს, ეს თემა საკონსტიტუციო სასამართლომდე მიაღწევს. თუმცა, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოეყენებინა“, - განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, თუმცა, როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ აღნიშნა, ჩამოუყალიბდათ გარკვეული შენიშვნები. მისივე თქმით, ეროვნული ბანკისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს კანონპროექტებს, აღმოფხვრილი იქნება.
პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.