ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას

კომპანია „ლაითური“ ოზრუგეთში, 25 ჰა მიწის ნაკვეთზე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიას“ მიწა 25 წლის ვადით გადაეცა.

კომპანია მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის უმეტესად ექსპორტზე გაიტანს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების 70%-იან თანადაფინანსებას „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ განახორციელებს. ინვესტორები აცხადებენ, რომ საწარმოს შექმნის შემდეგ კომპანია ყველა საჭირო პროცედურას გაივლის HACCP-ის სერტიფიკატის მისაღებად.

ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

”ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას”, - ნათქვამია ქონების მართვის სააგენტოს განცხადებაში.