2016 წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველომ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ 185 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს. 2016 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს გავლით სომხეთს ტრანზიტის სახით 1 მილიარდ 850 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. აქედან 10% - 185 მილიონი კუბური მეტრი კი საქართველომ ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღო.
მათივე ცნობით, საქართველოს წლიური მოხმარება გასულ წელს 2 მილიარდ 300 მილიონი კუბური მეტრი იყო. აქედან 90%-ზე მეტი აზერბაიჯანული გაზია.
რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ახალი პირობებით დადებული ხელშეკრულების თანახმად კი, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე ფულად ანაზღაურებაზე გადავა. ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ თუ რა საფასურს გადაიხდის რუსეთი სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
თუმცა, მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით კი საქართველო მიიღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, მაგრამ ეს არ იქნება ნედლეულის სახით მიღებული 10%-ის შესაბამისი.
„გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანია, თუმცა, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ ისევ რჩება, ხოლო შემდგომ ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარად მიღება იქნება შესაძლებელი.