აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის მიღებულმა შემოწირულებამ რეკორდული თანხა - 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ამ მოცულობის თანხა წინა ორი ინაუგურაციის დროს არ მიგვიღია. ეს რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა სტივენ კერინგმა, რომელიც 2009 და 2013 წლებში ბარაკ ობამას ინაუგურაციის ორგანიზატორი იყო.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, 2009 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე მიღებულმა შემოწირულებამ 55 მილიონი დოლარი შეადგინა, 2013 წელს კი 43 მილიონი დოლარი.
იმ ადამიანებისა და კომპანიების ნახევარმა, ვინც ტრამპის ინაუგურაციისთვის შემოწირულება გაიღო, ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა, ნაწილის ვინაობა ცნობილია. კორპორაცია „ბოინგმა“ თითქმის 1 მილიონი დოლარი გაიღო, „შევრონმა“ დაახლოებით 500 ათასი დოლარი.
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.