2016 წლის ყველაზე მდიდრულ ქორწილებს შორის ორი ქართველის ქორწილიც მოხვდა

რუსეთის 2016 წლის ყველაზე მდიდრულ ქორწილებს შორის ქართველი სალომე კინწურაშვილისა და სომეხი მილიარდერის ვაჟის სარქის კარაპეტიანის, ასევე რუსი მილიარდერის ქალიშვილის ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილები დასახელდა.

სომეხი მილიარდერისა და გავლენიანი დეველოპერის, კომპანია "ტაშირის" მფლობელის სამველ კარაპეტიანის 23 წლის ვაჟმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო.

სალომე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. ბიზნესლედი, გლამურული წვეულებების სასურველი სტუმარი, ქალი, რომელიც მოსკოვს მოდას კარნახობს - ასე იცნობენ ახალგაზრდა ლამაზმანს რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე წლის წინ სალომე კინწურაშვილმა მეგობრებთან - იანა დემიდოვიჩთან და ვიქტორია კლინოვსკაიასთან ერთად, ბრენდული სამოსის ონლაინ-მაღაზია გახსნეს. დღეს გოგონები ძალიან წარმატებულ ბიზნესს ფლობენ - buy-by-me.ru.

წყვილმა ქორწილი მოსკოვში, რესტორან „საფისაში“ გადაიხადა, რომელიც სპეციალურად ქორწილისთვის ფილმ „მალეფისენტას“ სცენარის მიხედვით მორთეს. რესტორნის მენეჯერის თქმით, ასეთი პროექტი სულ მცირე 50 მილიონი რუბლი ღირს. პატარძალს ქორწილში ელი სააბის კაბა ეცვა, რომელიც 15 მილიონი რუბლი ღირს, ყელს კი 13 მილიონ რუბლად შეფასებული „ტიფანის“ ბრილიანტის ყელსაბამი უმშვენებდა. ქორწილში სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად, მიწვეული იყო Maroon 5, რომლის ჰონორარმაც 1 მილიონი ევრო შეადგინა.

6-მეტრიან საქორწილო ტორტს კონდიტერები 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტორტის ფასმა 1,5 მილიონი რუბლი შეადგინა.

მიხეილ მახარაძისა და ია სარქისოვას ძვირად ღირებული ქორწილი კახეთში შედგა. მდიდრული ქორწილი, რომელსაც რუსი შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქალიშვილს რუსმა მილიარდერმა სერგეი სარქისოვმა გადაუხადა.

სარქისოვი, რომლის ქონებაც 1,5 მილიარდი დოლარია, რუსეთის 100 უმდიდრეს ადამიანს შორისაა. დაზღვევისა და უძრავი ქონების მაგნატი კომპანია РЕСО-Гарантия-ს დამფუძნებელი და მფლობელია. მას ქართველი მეუღლე ჰყავს - რუსუდან მახაშვილი.

იასა და მიხეილის ქორწილისთვის კახეთში რუსული და ქართული ბომონდის ნაწილი შეიკრიბა.

ქორწილში 500 სტუმარი იყო. მოსკოვიდან სტუმრები 2 თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ მიწვეული მომღერლების ჰონორარმა 15 მილიონი რუბლი შეადგინა.