სესხების გალერების პროგრამა ხვალიდან - 17 იანვრიდან დაიწყება.
ვის შეეხება გალარების პროგრამა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. გთავაზობთ ინტერვიუს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლოზ გაგუასთან.
- 17 იანვრიდან დაიწყება გალარების პროგრამა. როგორია თქვენი გათვლები? რამდენი პროცენტი დათანხმდება გალარებას და რა თანხაზე მოიხსნება წნეხი?
- გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მასში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეძლებს შეღავათიანი პირობებით და არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. გარდა ამისა, ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს. გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში.
- მოსალოდნელია თუ არა ლარში სესხების გაძვირება?
- კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.
დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა.
- რამდენ ხანს გაგრძელდება გალარების აქცია? ხომ არ არის მოსალოდნელი ვადის გაგრძელება (საუბარი იყო, რომ 2 თვე გაგრძელდება აქცია)
- გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ 2 თვე გაგრძელდება. თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამა არის ლარიზაციის მასშტაბური რეფორმის ერთ-ერთი პირველი ეტაპი. ლარიზაციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ქვეყნების რამდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.
- როგორი იქნება ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი?
- როდესაც გალარებაზე ვსჯელობთ, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო დარეგულირებული.
ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამდენად, ვთვლით, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში იქნება მისაღები.
- როგორი იქნება კონვერსიის ხარჯი და ვინ დაფარავს მას?
- კონვერსიის პროექტი არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ფიზიკურ პირებს, რომ მათ გააკეთონ კონვერსია, არამედ მთლიანად ეკონომიკას, რომ მოხდეს ლარიზაცია. ამით ისარგებლებს მთელი ეკონომიკა.
გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა უზრუნველყოფაში გამოყენებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, აღნიშნული პროცესი საჯარო რეესტრში გათავისუფლებული იქნება ყველა სახის საფასურის გადახდისგან.
კიდევ ორ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას - კონვერსიის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ. გაიაფების პირველი წყარო არის ის, რომ გადახურდავება ხდება კურსით, რომელიც არის იმ დღეს არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტი, ანუ უკვე ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი.
და ასევე, როდესაც სესხი მსესხებელს აქვს ლარში და შემოსავალიც - ლარში, ეს გაცილებით უფრო მოხერხებულია მისთვის. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისიოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს.
- სესხების გალარების პროგრამა ნებაყოფლობითია. კიდევ რატომ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა პოტენციურმა მონაწილემ?
- ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი.
ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, უფლება გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი, რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით, ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ.