ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტთან დაკავშირებით მცირე შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი მაინც მოაწერა.
ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ მაია მელიქიძის განცხადებით, კანონპროექტები ძალიან დეტალურად იქნა განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩამოაყალიბეს გარკვეული შენიშვნები. მელიქიძის განმარტებით, შეჯერდნენ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება.
"ისინი, უპირველეს ყოვლისა, ეხება ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესახებზე მომავალში აიწიოს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულზე მოთხოვნა ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში, საკმაოდ დიდია.
ამასთანავე, გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინიციატორების მხრიდან.
ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა მელიქიძემ.
ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ნაწილს კანონი არ მოსწონს და მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიას თქმით კი, მათი მიზანი იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე გააკეთეს.
"კანონში საუბარია იმაზე, რომ სანქციები არ იყოს ძალიან მკაცრი. პირგასამტეხლო და საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
"შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს 100%-იც ბევრია, მაგრამ თუ პრაქტიკაში ნახავდით, საპროცენტო განაკვეთი 200%-ზე მეტი გამოდიოდა. ასე რომ, მთავარი იყო მომხმარებლის დაცვა.
რა თქმა უნდა, ამან შეიძლება შეამციროს მოგება და არ იყოს სასარგებლო ფინანსური კომპანიებისთვის, მაგრამ არჩევანი სწორედ ამ ორიდან უნდა გაგვეკეთებინა.
ეს არ არის ისეთი კანონპროექტი, რომელშიც ორივე მხარე აუცილებლად ბედნიერი იქნება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო სწორედ ის, რომ მომხმარებელი იყოს უფრო დაცული და მე მგონი, ამაზე ყველა შევთანხმდით.
თუ რამდენპროცენტიანი სესხი გაიცემა, ეს შეთანხმებაზეა დამოკიდებული, აქ ზედა ზღვარზეა საუბარი არ გადავიდეს იმ ზღვარზე, რომ მომხმარებელი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს", - უთხრა "მთელ კვირას" რომან კაკულიამ.
იქნება თუ არა ამ კანონით მართლაც მომხმარებელი დაცული - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს ანალიტიკოს სოსო არჩვაძეს. ამბობს, რომ ამისთვის დრო უნდა გავიდეს და დასკვნები მოგვიანებით გაკეთდეს.
"ერთია, როცა ხელისუფლება საკანონმდებლო რეგულირებით ახდენს გარკვეულ პრევენციას იმ ნეგატივის შედეგის დადგომისას, რაც შეიძლება ამა თუ იმ საქმიანობას მოჰყვეს და მეორეა თვითონ საზოგადოების მზაობა, გაითავისოს ეს ნორმატივები და მოიქცეს კანონის შესაბამისად.
"მაგალითად, ადამიანი იღებს სესხს და არ ფიქრობს, რომ უნდა გადაიხადოს ეს თანხა. დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, ამიტომ თვითონ საზოგადოებაშიც უნდა იყოს მზაობა, რომ ეს რეგულაციები გაითავისოს.
რა კეთილი წამოწყებაც არ უნდა იყოს, ამას თუ საზოგადოების მზაობა არ მოჰყვა, არაფერი შედეგი არ ექნება.
მომხმარებლის უფლების დაცვის მცდელობა არის, მაგრამ რამდენად გაამართლებს - ამას დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს. რაღაც უნდა გაკეთებულიყო, ახლა მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ და ვნახოთ, რა გამოვა. კანონის ეფექტიანობის შესაფასებლად პირველი ასი დღე დავიცადოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები", - გვითხრა არჩვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდნენ. დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ონლაინ სესხს ათზე მეტი კომპანია გასცემს. თანხა, საშუალოდ, 50-დან 700 ლარამდე მერყეობს. საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე კრედიტებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20-21 წელს ასახელებენ.
თიკო ოსმანოვა
გაზეთი "რეზონანსი"