პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებმა, რომლებსაც კავშირი აქვთ Google-თან, ფინანსთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც ციფრული მარკეტინგის, ისე მედიაპროექტების მიმართულებას.
მათივე განმარტებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი ხელს უწყობს დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ქართული კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურებას უწევს უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას, ადასტურებს, რომ ბოლო წლებში საგადასახადო სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო პერსპექტიული და მიმზიდველი გახადა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს მიმართეს ჩაითვლებოდა თუ არა მათ მიერ გაწეული სერვისი მომსახურების ექსპორტად, რაზეც დადებითი დასკვნა მიიღეს.
„მისასალმებელია, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანია, დაიწყო საქმიანობა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიას, Google-ს უწევს ონლაინ სარეკლამო მომსახურებას. კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს მომართეს წინასწარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ჩაითვლებოდა თუ არა მათ მიერ გაწეული მომსახურება მომსახურების ექსპორტად, რაზეც მიიღეს დადებითი დასკვნა. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობას, მეტ რესურს მისცემს განვითარებისთვის”, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
კომპანია „ალტერ ვეის“ ციფრული მარკეტინგის დირექტორის ბექა თვალავაძეს თქმით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება კომპანიას განვითარების ბიძგს მისცემს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დღევანდელი გადაწყვეტილება სერიოზულ ბიძგს მოგვცემს განვავითაროთ კომპანია. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის მომსახურება პერსპექტიულია მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც არის დიდი შესაძლებლობა აღნიშნული ბიზნესის განვითარების მიმართულებით,“ - აღნიშნა ბექა თვალავაძემ.
მისი თქმით, კომპანია „ალტერ ვეი“ მომავალშიც აპირებს საინტერესო პროექტების განხორციელებას, ახალი პროდუქტებისა და სამუშაო ადგილების შექმნას.
შპს „ალტერ ვეი“ ონლაინ სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, პარტნიორობას უწევს ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა კომპანია Google (ირლანდიის რეზიდენტ იურიდიულ პირთან Google Ireland Ltd-ის სახით). Google Ireland Ltd-დან მიღებულ სარეკლამო ინფორმაციას/კონტენტს კომპანია ანთავსებს საკუთარ ვებგვერდზე და უზრუნველყოფს მისი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას.
როგორც ცნობილია, ქართული კომპანიების მიერ საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება, რომელიც წარმოადგენს მომსახურების ექსპორტს, საგადასახადო კანონმდებლობით არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.