მთავრობამ პარლამენტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართა.
პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენილ მასალებში აღნიშნულია, რომ აღარ იარსებებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადებისა და მასში წინადადების წარდგენის ვადა კანონის მოქმედი რედაქციით სამი სამუშაო დღეა.
პროექტის გათვალისწინებით დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადებიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე. იცვლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის წესიც: - თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეიტანს ცვლილებებს სატენდერო პირობებში, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გახანგრძლივდება იმ ვადით, რა ვადაც გასულია ტენდერის გამოცხადებიდან ცვლილების განხორციელებამდე. პრეტენდენტს შეეძლება შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ დაირღვა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები და ამავდროულად შეილახა მისი უფლებები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისთვის დგინდება საფასური, რომელიც იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არა უმეტეს 500 ლარისა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.