ჩინურ კომპანია CEFC China Energy Company Limited- სთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, რეგიონში ყველაზე უფრო საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი , -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობასა და CEFC China Energy Company Limited- ს შორის "ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი და ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.
”აბრეშუმის გზის” და ”ერთი სარტყელი, ერთი გზის” პროექტის მეშვეობით, ყველაზე მსხვილი ჩინური ინვესტიციები ამ რეგიონში უნდა იყოს საქართველოში. ეს უნდა იყოს ის ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ უკვე სხვა ჩინური კომპანიების მოზიდვას. ეს არის ძირითადი შინაარსი ამ მემორანდუმის. ეს არის პირველი ნაბიჯი, თუმცა არა ერთადერთი. ამას მოჰყვება ინვესტიციები ტურისტული მიმართულებით, ინდუსტრიული და ლოგისტიკის მიმართულებით.
ამ მსხვილ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით ყველაზე უფრო ამ რეგიონში საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი.
საქართველომ კიდევ დამატებითი ფუნქცია უნდა შეიძინოს ლოგისტიკური მიმართულებით, რამეთუ უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აბრეშუმის გზის. ეს მართლაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე რეგიონალურ ჭრილში ქვეყნის განვითარებას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავრობასა და CEFC China Energy Company Limited- ს შორის "ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limited-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მემორანდუმი პროექტის "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ფარგლებში გაფორმდა, რომელიც ინიცირებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ და მიმართულია აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში კონკურენტუნარიანი მარშრუტის ერთობლივად განვითარებისკენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-ის მიერ შპს "ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" 75%-იანი წილის შეძენა.