„ონლაინ სესხების რეგულაცია ბაზრიდან ზოგიერთი კომპანიის გასვლას გამოიწვევს“

ონალაინ სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. როგორც ”ნეტკრედიტის” დირექტორის მოადგილე ზვიად აიწურაძე აცხადებს, ახალი რეგულაციები ონლაინ კომპანიების საქმიანობას ხელს შეუშლის და მათი ნაწილი ბაზრიდან გავა. ”როდესაც ბიზნესისთვის რაღაც ლიმიტები წესდება, არ შეიძლება ეს უფრო ხელსაყრელი იყოს. რა თქმა უნდა, ახალი რეგულაციები კომპანიის მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს იმისთვის, რომ ახალ რეალობაზე გადაეწყოს. როცა ბიზნესის ფასისმიერი დარეგულირება ხდება, ეს კონფლიქტში მოდის თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან. შემცირდება კონკურენცია, პატარა მოთამაშეები ბაზრიდან გავლენ და შეიძლება ამ პროდუქტის მიწოდებაც შემცირდეს. ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც ბაზარზე არიან, ახალ სიტუაციას მოერგებიან და მოსახლეობას პროდუქტს ისე მიაწვდიან, როგორც ამას მარეგულირებელი და კანონი ითხოვს”, - განაცხადა ზვიად აიწურაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”საზოგადოება და ბანკები” ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ფონზე ონლაინ-სესხების კომპანიებს მეტი მუშაობა მოუწევთ.

”ონლაინ-სესხების კომპანიებს მოუწევთ უფრო მეტად შეისწავლონ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა. მოუწევთ უფრო მეტი ხარჯი გასწიონ, რაც გარკვეულწილად ცუდია ამ ბიზნესისთვის. შესაძლოა, გარკვეულმა კომპანიებმა ბაზარი დატოვონ, რადგან აღნიშნულ პირობებში ოპერირება ვერ მოახდინონ და მათთვის რენტაბელური არ იყოს 100%-ზე ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში სესხების გაცემა”, - ამბობს გივი ადეიშვილი.

მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.