ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალური ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოებს შესაბამისი სტანდარტებით ახორციელებს.
მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
”ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემოღობვა, პოლიგონის შიდა გზებისა და წყალარინების არხების მოწყობა, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით, მიმდინარეობს მიწის კავალიერების მოწყობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, ხდება ტერიტორიის ელექტროფიცირება, ნაგავსაყრელი აღიჭურვება სპეც-ტექნიკითა და მოეწყობა სამეურნეო ზონა.
განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში და ნარჩენები გადაიფარება მიწის საიზოლაციო ფენით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ტყიბულის ნაგავსაყრელი, რომელიც 32 739 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ტყიბულსა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველთვიურად 455 მ/კუბი ნარჩენი შედის.
ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 251 957,00 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.