ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის ფასის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ავტოიმპორტიორთა ნაწილი მოთხოვნის მკვეთრ ზრდას არ ელოდება. ასეთი ავტომობილები უცხოეთშიც საკმაოდ ძვირი ღირს და, განსაბაჟებელი თანხის სიმცირის მიუხედავად, მსურველს ავტომობილის შეძენა მაინც მაღალ ფასად უწევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება ავტოდილერების მეორე ნაწილი. ისინი უკვე გაზრდილ მოთხოვნასა და დედაქალაქში მომრავლებულ ეკოტრანსპორტზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ელი იანვრიან 0-დან 6 წლამდე ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი 60%-ით შემცირდა, ხოლო 6 წელს ზემოთ - 50%-ით. სხვა ტიპის ავტომობილების განბაჟება კი, გამოშვების წლისა და ძრავას მოცულობის მიხედვით, მკვეთრად გაძვირდა.
დედაქალაქში უკვე თვალშისაცემად მომრავლდა ჰიბრიდული ავტომობილები, თუმცა ჯერ უცნობია, რა შედეგს გამოიღებს ახალი რეგულაციები და რამდენად ბევრი იქნება ავტოპარკში ჰიბრიდები და ელექტრომობილები.
"რობანი მოტორსის" ხელმძღვანელ ელგუჯა ჯამაგიძის აზრით, ჰიბრიდებზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ეს საგრძნობი არ იქნება ავტოპარკისათვის, რადგან ასეთი მანქანების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილის. როგორი დაბალიც არ უნდა იყოს აქციზის გადასახადი, მოსახლეობის უმეტესობას მაინც არ აქვს შესაძლებლობა ჰიბრიდი შეიძინოს.
"აქციზის გადასახადის შემცირება, რა თქმა უნდა, გაზრდის მოთხოვნას ჰიბრიდულ ავტომობილებზე, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მეტწილად ჩაანაცვლოს მთლიანად საწვავზე მომუშავე ავტომობილები.
თუ დავაკვირდებით დედაქალაქში მოძრავ ჰიბრიდულ ავტომობილებს, სულ ერთი ან ორი მარკისაა. ამის მიზეზი, სხვა ჰიბრიდებზე არსებული ძალიან მაღალი ფასია, რისი გადახდაც ჩვენ ქვეყანაში არ შეუძლიათ.
"ტოიოტა პრიუსების" რაოდენობა დედაქალაქში თვალში საცემად მომატებულია. ამის მიზეზი ხელმისაწვდომი ფასია. ახლა, როცა განბაჟების გადასახადიც მცირდება, ალბათ, მსგავსი მანქანების რიცხვი ბევრად გაიზრდება.
კლიენტების მხრიდან სურვილი, რა თქმა უნდა, იქნება და ნაწილობრივ გაიზრდება კიდეც ასეთი ავტომობილების რიცხვი, მაგრამ ეს მაინც ძვირი სიამოვნებაა. ახლო მომავალში შეუძლებელია ავტოპარკი მკვეთრად შეიცვალოს, რადგან აქციზზე ფასი როგორი დაბალიც უნდა იყოს, საბოლოო ღირებულება საკმაოდ დიდი გამოდის და საბოლოო ჯამში, თითქმის იგივე ჯდება, რაც ჩვეულებრივი ავტომობილი", - განუცხადა "რეზონანსს" ელგუჯა ჯამაგიძემ.
ერთ-ერთი დილერის გაგა ქარდავას ინფორმაციით, ჩვეულებრივძრავიან ავტომობილებზე გადასახადის გაძვირების შემდეგ, ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა.
"სხვა სახის ავტოტრანსპორტზე აქციზის გადასახადი იმდენად ძვირია, რომ ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნა ბუნებრივად გაიზარდა. ადამიანები რეკავენ და კითხულობენ რა დაჯდება ჰიბრიდული ავტომობილის ჩამოყვანა. როცა ვუხსნით, რომ ჯამში თითქმის იმავე თანხის გადახდა მოუწევთ, რაც ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილისთვის, მათი ნაწილი ისევ ტრადიციული ტიპის ავტომობილებს ამჯობინებს, ნაწილი კი ბენზინზე მომატებულ ფასს ითვალისწინებს და ჰიბრიდს ირჩევს.
ვფიქრობ, მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, მაგრამ არ ვიცი სრულფასოვნად რამდენად ჩაანაცვლებს ჰიბრიდული ავტომობილები ჩვეულებრივს. ისინი უფრო მეტად ქალაქის ტრანსპორტად ითვლება. ხალხი უფრო პრაქტიკულად საწვავზე მომუშავე ავტომობილს მიიჩნევს, საწვავზე დიდი დანახარჯის მიუხედავად", - ამბობს "რეზონანსთან" გაგა ქარდავა.
ავტოიმპორტიორთა კავშირშიც ჰიბრიდულ ავტომობილებზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ, თუმცა ჯერ სტატისტიკაზე საუბარი შეუძლებელია. რამდენად მომრავლდება ჰიბრიდული მანქანები ქვეყანაში, ეს სულ მალე გამოჩნდება.
"საკანონმდებლო ნორმა ჯერჯერობით ძალიან ახალია, მაგრამ ტენდენცია, რომ ჰიბრიდებზე მოთხოვნა იზრდება, უკვე შეინიშნება, რამდენიმე თვის შემდეგ უფრო მეტად იქნება შესაძლებელი კონკრეტულად საუბარი, თუ რა შედეგს გამოიღებს ახალი რეგულაციები. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკოლოგიურ მანქანებზე მოთხოვნა იზრდება. ეს უკვე ჩანს კიდეც. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, განბაჟების დროს გადასახდელი ნაკლები თანხაა, რაც აქციზზე ფასის კლებამ გამოიწვია",- განაცხადეს ავტოიმპორტიორთა კავშირში.
"ეკოტრანსპორტ ცენტრის" ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე არსებულ რეგულაციებს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუკი არა მარტო 0-დან 6 წლამდე ავტომობილებზე, არამედ მინიმუმ 10 წლამდე ავტომობილებზე მოხდებოდა აქციზის გადასახადის შემცირება, რადგან სწორედ ამ მანქანებზეა დიდი მოთხოვნა საქართველოში.
"ჩვენი ინიციატივა იყო, რომ სრულად მოხსნილიყო ყველა სახის ჰიბრიდულ ავტომობილებზე განბაჟების გადასახადი, მაგრამ ეს აზრი პარლამენტმა სრულად არ გაიზიარა, გაითვალისწინეს მხოლოდ ნაწილობრივ და შეეხო მხოლოდ 0-დან 6 წლამდე ავტომობილებს.
60%-იანი შეღავათი ვერ მოახდენს რეალურად მომხმარებლის წახალისებას. ახლა ამ ასაკის ავტომობილების წილი ბაზარზე ძალიან დაბალია და არ აღემატება 5%-ს.
საქართველოს ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების დიდი უმრავლესობა 6-12 წლისაა და ამ ავტომობილებზე განახევრებული ან მოხსნილი განბაჟების გადასახადი რეალურ ცვლილებას მოგვცემდა ავტოპარკში.
ჰიბრიდული ავტომობილებისათვის 5-10 წელი არ ითვლება დიდ ასაკად, რადგან ასეთი მანქანები ტექნიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ რაღაც სახის წახალისება მაინც მოხდა, მაგრამ რეალური შედეგისათვის აუცილებელია, ასაკი 10 წლამდე მაინც გაიზარდოს", - აღნიშნა ვასილ ურუშაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"