საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს. აღნიშნულის შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომელზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, მათი მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკებზეა დამოკიდებული და თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება.
შეხვედრაზე შესვენებისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს კლინიკების ხელმძღვანელების ნაწილმა.
ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იოსებ ბრეგვაძე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დასმული პრობლემის ადრესატად თავს არ მიიჩნევს. რაც შეეხება პაციენტებზე ორიენტირების მიმართულებას, მისი განმარტებით, კლინიკა ცდილობს, რომ მიღებული სახსრები წამლებს, გამოკვლევებს და პაციენტების კომფორტულ პირობებს მოახმაროს.
შეხვედრაზე გაჟღერებული შენიშვნები არ მიუღია არც სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალურ დირექტორს.
როგორც ნიკა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ქსელში ხელფასების დაგვიანების პრობლემა არ არის.
მისივე თქმით, „ევექსი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე მსხვილი პარტნიორია და პარტნიორობის გაგრძელებას კვლავაც აპირებს.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდა.