”ნაციონალური მოძრაობა” „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით, პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
პარტია სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო სექტორს, რომელიც იდენტური მოთხოვნით მთავრობას მიმართავს.
”20 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშეკრულება რუსეთთან, რომელიც სრულყოფილად ითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს. ახლა ხელისუფლებამ ხალხის ზურგს უკან აწარმოა მოლაპარაკებები, რომლის შედეგები არის გასაიდუმლოებული და რაც აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით ჩვენი ინტერესები არის დაზიანებული. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ხელისუფლებისგან, გასაჯაროვდეს ამ დოკუმენტის შინაარსი. შეგვაქვს პარლამენტში სპეციალური რეზოლუცია, ამ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით და სოლიდარულები ვართ ქართულ საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან, რომელიც აყენებს ასეთ მოთხოვნას. გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ხალხის ინტერესები არის დაზიანებული და ყველაფერი ეს ხელისუფლებამ ”ქართველი ხალხის ზურგს უკან გააკეთა”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე “გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.