ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ გალარების უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნაზე უნდა იზრუნონ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ციხიდან გამოსულმა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს გამიჯნულმა გიგი უგულავამ განაცხადა - ”მიდის გლობალიზაცია, შემოდის ელექტრონული ბანკნოტები და საერთოდ, ფული აღარ არის ეროვნული სიამაყე. რაის ეროვნული სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია და ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში. ეს საერთოდ უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში დოლარი, ყველანი დოლარით აზროვნებენ. თუ მოუხსნი ინვესტორს პრობლემას ამ სავალუტო მანიპულაციების, გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნები შენ, როგორც ქვეყანა”. თქვენი აზრით, რამდენად გონივრული და ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა ლარის დოლარით ჩანაცვლება და რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ლარის დოლარით ჩანაცვლება ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით უფრო მიმზიდველს გახდის?

- პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ თქვენ და მივულოცო თქვენს მკითხველებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული. ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდები. ბატონი გიგი არც ეკონომისტი და არც ფინანსისტია. მან გაკვრით ყური მოჰკრა არსებულ იდეებს ფულის გლობალიზაციის შესახებ და ყოველგვარი ანალიზის გარეშე მიიჩნია, რომ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამიხსნას მაშინ, რა საჭიროა ევროპის ცენტრალური ბანკი ან აშშ-ს სახელმწიფო სარეზერვო სისტემა, ვიქირავოთ ჰაკერი და ვიყოთ არხეინად.

ამასთან, ბატონი გიგი შეეხო თანამედროვეობის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას - საერთოდ, რა არის ფული? ნუ გეგონებათ, რომ ეს მიამიტური კითხვაა, ვინაიდან კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ძირითადი დებულება, რომ ფული არის საქონლის დასამზადებლად დახარჯული შრომის ექვივალენტი, დღეს არ მუშაობს. თუმცა, ასეთი მსჯელობა შორს წაგვიყვანს და ჩვენ პოლიტიკური ეკონომიის ყველაზე რთულ პრობლემებს შევეხებით. ერთში მინდა დაგარწმუნოთ: ახლო მომავალში არც ბანკნოტები და მონეტები და არც ვალუტები გაქრება, არც მათ შორის არსებული კონვერტაციის კურსი. ამიტომ, ნუ გადავაგდებთ ლარს და ვიზრუნოთ მის გამართულ მიმოქცევასა და მდგრადობაზე.

ერთსაც დავძენ: ასეთი პარადოქსული იდეა, მაგალითად, მე რომ გამომეთქვა, თქვენ მას ყურადღებასაც არ მიაქცევდით. ამიტომ ყველას ვურჩევდი თავისი საქმე აკეთოს: ბატონმა გიგიმ ახალი პარტია აშენოს, ცენტრალურმა ბანკმა საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობები მართოს, მე კი თქვენ ინტერვიუებს მოგცემთ.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ქვეყანა, რომელმაც ეროვნული ვალუტა დოლარით ჩაანაცვლა და ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა?

- არა.

- ლარის დოლარით ჩანაცვლების იდეა საჯარო სივრცეში პირველად ”გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმოვანა. თუ სწორად მახსოვს, ზურაბ ჯაფარიძეს ეს იდეა ბატონმა ივანიშვილმა მოუწონა. ახლა ამავე თემაზე თავისი მოსაზრება გიგი უგულავამ დააფიქსირა, რომელიც მანამდე ეკონომიკურ ხედვებზე საჯარო სივრცეში მსჯელობაში შემჩნეული აშკარად არ ყოფილა. ამ საკითხში დასახელებული პერსონების აზრთა თანხვედრა რას შეიძლება ნიშნავდეს? რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - უბრალოდ, მოსაზრებათა თანხვედრასთან თუ იდეის ერთობლივად ლობირებასთან?

- არსებობს ლიბერტანიანული იდეები ერთიანი გლობალური ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, რომლებიც, ძირითადად, ისრაელის ეკონომიკურ სკოლას ეკუთვნის. სხვათა შორის, ეს იდეები ახალი არ არის: პრაქტიკულად იგივეს წერდა მეოცე საუკუნის სამოციან წლებში სტანისლავ ლემი თავის ფილოსოფიურ-ფუტუროლოგიურ ტრაქტატში „ტექნოლოგიის ჯამი“.

მაღალი ტექნოლოგიების შემოჭრამ კი წარმოშვა იდეა: რა საჭიროა ხელშესახები ფული, როცა ელექტრონული ანგარიშსწორება სულ უფრო ვითარდება. როცა შენ ელექტრონული ბარათით ახორციელებ გადახდებს, თუ ბევრი ფული გაქვს, შენთვის პრინციპში სულერთია, რომელ ვალუტაში დაფიქსირდება გადახდა. მაგრამ ამ პრობლემას სხვა კუთხითაც შეგვიძლია შევხედოთ: საფინანსო-საკრედიტო სექტორი ეროვნული სუვერენიტეტის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური შემადგენელია.

როგორ გგონიათ, დათანხმდება, ვთქვათ, ირანი უარი თქვას თავის ეროვნულ ვალუტაზე და გულზე ხელდაკრეფილი ტლუდ გაჰყვეს თავის დაუძინებელ მტერს? დათანხმდება ევროკავშირი? ხოლო თუ გლობალური ანგარიშგების სისტემას ერთი ქვეყანა მაინც არ შეუერთდა, ეს იდეა სიფრიფანა ქაღალდად დარჩება.

გარდა ამისა, საყოველთაო „დოლარიზაცია“ გამოიწვევს გლობალური მყიფე წონასწორობის სრულ ნგრევას - გაქრება ცენტრალური ბანკები, შემდეგ - კომერციული ბანკები, საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციები, საფონდო და სანედლეულო ბაზრები, დარჩება მხოლოდ კომპიუტერი და მსოფლიოს ქაოსი მოიცავს, რომელიც რობერტ ჰაინლაინმა ბრწყინვალედ აღწერა თავის რომანში „ფრაიდი“. ეს, რასაკვირველია, ოდესღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთ სამყაროში მე ცხოვრება არ მომინდებოდა.

- რადგან საუბარი ეკონომიკურ საკითხზე გიგი უგულავას მოსაზრებით დავიწყეთ, ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, უპრიანი იქნებოდა ”ნაციონალებში” მიმდინარე პროცესებზე გაგვეგრძელებინა საუბარი. ”ნაციონალებში” მომხდარზე ჯერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვრცელი კომენტარები მოვისმინეთ, მეორე დღეს კი სააკაშვილისაგან გამიჯნული ჯგუფის ლიდერის გიგი უგულავასი. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილსა და უგულავას შორის გამართულმა სატელევიზიო პოლემიკამ?

- სააკაშვილის კომენტარები თქვენ მოისმინეთ, რასაც თქვენი პროფესია გავალებდათ. მე არ მომისმენია და მოსმენას ან წაკითხვას არ ვაპირებ. ბატონი გიგის კომენტარიდან კი ცხადია ერთი რამ: „ნაცმოძრაობა“ დატოვეს ყველაზე ჭკვიანმა და ზომიერმა ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე ამ პარტიის იდეოლოგია შექმნეს. მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ თუ იმ ახალგაზრდა „ნაციონალებს“, რომლებსაც იდაყვებამდე ხელები სისხლში არა აქვთ გასვრილი, პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება სურთ, ისინი თავის „გურუს“ უნდა გაემიჯნონ. ასე რომ, „ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ბატონი გიგი თავის გამონათქვამებში ასეთი ხისტი იქნებოდა. მით უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ჯგუფთან სერიოზული ზნეობრივი და მსოფლმხედველური უთანხმოება მაქვს, მეჩვენება, რომ მათ მწარე გაკვეთილი კარგად შეისისხლხორცეს და არა მგონია, რომ ოდესმე კიდევ ერთხელ ძალადობის გზას დაადგნენ.

- თქვენი აზრით, რა პოლიტიკური პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილთან დარჩენილ ჯგუფს და ”ნაციონალებს” გამიჯნულ პოლიტიკურ ჯგუფს? და კიდევ, თქვენი აზრით, ”ნაციონალებში” მომხდარი განხეთქილება რა გავლენას იქონიებს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე?

- ძალიან მეეჭვება, რომ ან ერთმა ან მეორე ფრთამ მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერა მოიპოვოს. „ნაცმოძრაობას“ ტრადიციულად საქართველოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10% უჭერს მხარს და ამ ორ ჯგუფს სამომავლოდ ამ მხარდაჭერების ერთმანეთში გადანაწილება მოუწევთ.

მეჩვენება, რომ დღეს ორივე დაჯგუფების რეიტინგი ძალიან დაბალია და მათ ყველაფრის კეთება თავიდან მოუწევთ. ამ თვალსაზრისით, „ტრადიციული ნაციონალების“, დავარქვათ ასე, პერსპექტივებში ძალიან მეპარება ეჭვი: „ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია“. მათი გზა კი უკან მოსიარულეთა გზაა.

- სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო, რომელიც დაახლოებით 33,000-მდე სესხს შეეხება, ამ თანხის ლარში კონვერტაციისთვის კი ვადად 2 თვეა გათვალისწინებული. პროგრამის დაწყების პირველივე დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8 პროცენტმა მიმართა. მიიჩნევა, რომ გალარების პროგრამა მოსახლეობის ნაწილს სავალუტო რისკს მოუხსნის, რაც მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისა და ქვეყნისთვის. ვინაიდან პროგრამა ახალი დაწყებულია, მის პირველ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის ”გალარების პროგრამას” და ამ პროგრამასთან მიმართებაში თქვენი მოლოდინი სავარაუდოდ, როგორია?

- არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენთან ინტერვიუებში, რომ მე ეს პროგრამა მომწონს და მომწონს რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველი, აქამდე კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის ჩუმი, გამოუთქმელი, მაგრამ აშკარა ინტერესთა კონფლიქტი იყო: ეროვნული ბანკი დაინტერესებული იყო სტაბილურ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო კომერციული ბანკებისთვის, რომლებმაც კრედიტები დოლარში დააფიქსირეს, ეროვნული ვალურტის შესუსტება სახარბიელო იყო. ამით მათ ლარში ფულადი რეზერვები ეზრდებოდათ. ახლა კი კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკის სინერგიულად, დაინტერესებული იქნებიან მყარ ეროვნულ ვალუტაში. დღეს ზუსტად ლარის სტაბილურობა მათ კომერციულ რისკებს შეუმცირებს.

მეორე - ლარი გახლავთ ჩვენი ვალუტა და, როგორც ასეთი, ჩვენი ეროვნული სიამაყის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, რამდენად მყარი იქნება ლარი, მით უფრო მაღლა თავის აწევის უფლება გვექნება.

მესამე და მთავარი, ადამიანები, რომლებმაც ფინანსური ინსტიტუტებიდან კრედიტები აიღეს, სამართლიან სოციალურ გარემოში მოიქცევიან და მათი რისკის წილი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ფინანსური ინსტიტუტების, - აქამდე ბანკების რისკი მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

- ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ”გალარების პროგრამის” ამოქმედების შემდეგ, დიდი ალბათობით, საგრძნობლად გაიზრდება ბანკების საპროცენტო განაკვეთი. თქვენც ასე ფიქრობთ?

- არა მგონია, თუმცა ვნახოთ. ლარი გახლავთ ჩვენი ვალუტა და, როგორც ასეთი, ჩვენი ეროვნული სიამაყის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, რამდენად მყარი იქნება ლარი, მით უფრო მაღლა თავის აწევის უფლება გვექნება.

- მთავრობის ”გალარების პროგრამაზე” საუბრისას თქვენ ბრძანეთ - ”ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია და ნებისმიერი ანგარიშგება მხოლოდ ლარში უნდა წარმოებდეს.”

რჩება შთაბეჭდილება, რომ ”გალარების პროგრამა” სრულყოფილი არაა და გალარების სისტემაზე საუბარი ნაადრევია. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ ჯერ უცნობია მხოლოდ ლარებში ყიდვა-გაყიდვის უზრუნველყოფა რა მექანიზმებით იქნება შესაძლებელი. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ რომ ”გალარების პროგრამა” უფრო ეფექტური და ხელშესახები გახდეს?

- კარგი კითხვაა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ნახევარზომები ყოველთვის საზიანოა. არ მესმის, რატომაა 100 ათასზე უფრო დიდი კრედიტების გაცემა შესაძლებელი დოლარებში. მეორეც, თქვენს მიერ ნახსენები გალარების უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნაზე მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად სასწრაფოდ უნდა იზრუნოს. დავუბრუნდეთ ამ კითხვას ორ თვეში.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”