გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერი დღეს ”აბრეშუმის გზის” შესახებ პანელზე სიტყვით გამოვა.

წელს ფორუმი იმართება დევიზით - "პასუხისმგებლიანი ლიდერობა" და მისი წამყვანი თემა იქნება "მეოთხე სამრეწველო რევოლუცია".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმზე მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერი სხვადასხვა ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

შვეიცარიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად ესპანეთს სტუმრობდა.