„ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებას და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
შესაბამისი შინაარსის რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტს დღეს წარუდგენენ. რეზოლუციის პროექტის განხილვა ორშაბათს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე მოხდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე უცნობია, მოეწერა თუ არა ხელშეკრულებას ხელი „გაზპრომთან“.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუყოვნებლივ ითხოვს ამ პროცესის შეჩერებას.
„ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებითაც ჩანს, რომ იმ ფულით რასაც „გაზპრომი“ მისცემს საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით.
„იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ. რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, მთავრობა ტრანსპორტირების ტარიფს მალავს იმიტომ, რომ ეს ტარიფი არის წამგებიანი.
„გვაქვს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური კაპიტულაციის, ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაცების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი. ამ რეზოლუციით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი და თუ ხელმოწერილია ხელშეკრულება, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გაუქმებაზე მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ უღალატა ხალხს, ქვეყნის ინტერესებს და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს.