კალაძე იტყუება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ”გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შეფასებისას განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, “რუსეთს, ირანსა და სომხეთს იმის ელემენტარული საშუალება რომ ჰქონდეს, გაზი სომხეთს საქართველოს გარეშე მიეწოდოს, რაზეც ხელისუფლება აპელირებს, ქვეყანას ამ სქემიდან ისე ამოაგდებდნენ, რომ საერთოდ არაფერს კითხავდნენ და ფაქტის წინაშე დააყენებდნენ”.
მაჭავარიანის თქმით, ”რუსეთს საქართველოსთან დადებული ახალი კონტრაქტი ჰაერივით სჭირდება იმისთვის, რომ არ ჰქონდეს პრეცედენტი, რომ ვიღაცას გაზის ტრანზიტის საფასურს ნატურით უტოვებს”.
”რაც შეეხება სომხეთისათვის გაზის ირანიდან მიწოდების საკითხს, როგორ ფიქრობთ, რუსეთს, სომხეთსა და ირანს ამის საშუალება რომ ჰქონდეს, ჩვენ ამაზე რამეს გვეტყოდნენ?! საერთოდ რატომ დაგველაპარაკებოდა რუსეთი და არ გააკეთებდა ამას ჩვენს გარეშე?! კალაძე ამაშიც კი იტყუება! ეს რომ შესაძლებელი იყოს, რუსეთი პირდაპირ ხელშეკრულებას გააფორმებდა ირანთან, ისე რომ კალაძეს არაფერს კითხავდა და ფაქტის წინაშე დაგვაყენებდა ანუ ამის გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელია, ეს არის გამორიცხული! ბოლო 20-22 წელია, საქართველო არის ყველა ევროპული ქვეყნის პრეცედენტი, რომ ჩვენ ტრანზიტის სანაცვლოდ, გაზს ნატურით ვიტოვებდით. რუსეთისათვის საქართველო იყო ხიჭვი, რადგან ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვინც ტრანზიტში საფასურს ნატურით ვიტოვებდით. რუსეთს პოლონეთი და სხვა ევროპული ქვეყნები ეუბნებოდნენ, რომ ვინაიდან მას საქართველოსთან ჰქონდა პრეცედენტი, ასეთი ხელშეკრულება მათთანაც დაედო. სწორედ ამიტომ უნდოდა ”გაზპრომს” თანხით გადახდაზე ჩვენი დათანხმება, ხოლო რა პოლიტიკური თუ ფინანსური ფასი გადაიხადა მან ამაში, ეს არავინ იცის! ასევე ტყუილია იმაზე საუბარი, თითქოს ”გაზპრომთან” შეუთანხმებლობა სომხეთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებდა. ოდესმე თუ მოგისმენიათ სომხეთის პრეზიდენტის განცხადება, შეუთანხმდით რუსეთსო. სომხეთისათვის სულ ერთია, საერთოდ არ აინტერესებს, რუსეთს ჩვენ გაზის გატარებაში გამოვართმევთ ფულს თუ გამოვართმევთ გაზს. ხელშეკრულების გადახედვის საკითხს ”გაზპრომი” ჩვენი ხელისუფლების დროსაც ყოველ წელს სვამდა, მაგრამ მას ამ თემაზე მინისტრის მოადგილეც კი არ ელაპარაკებოდა - საკითხი დეპარტამენტის უფროსის ქვემოთ წყდებოდა, რომელიც ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ჩვენ ამაზე მზად არ ვიყავით. ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ”გაზპრომის” მოთხოვნას რომ არ დავთანხმებოდით, ყველაფერი დარჩებოდა ისე, როგორც ეს აქამდე იყო”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ კალაძემ უნდა განმარტოს, რამდენი წლით აძლევს ”გაზპრომი” საქართველოს 1000 მ3 გაზს 185 დოლარში.
”რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, საქართველომ იგივე მოცულობის გაზი რომ იყიდოს იმ ფასში, რაც დაფიქსირებულია - 1000 მ3-ში 185 დოლარი, პირველ რიგში საინტერესოა, აღნიშნული ფასი რამდენი წლით გვაქვს დაფიქსირებული - მხოლოდ 2017-2018 წლების განმავლობაში თუ შემდგომი პერიოდისთვისაც. შეიძლება 2019 წლიდან გაზის ყიდვა საბაზრო ფასით მოგვიხდეს, მაშინ როცა აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის საჭიროების შემთხვევაში, ფასი გვაქვს 186 დოლარი - ანუ ერთი დოლარით მეტი. გარდა ამისა, ჩვენ რომ დაგვჭირდეს იგივე გაზის ყიდვა, რასაც ტრანზიტში ვიტოვებდით, უნდა გადავიხადით 20 მილიონით მეტი - უნდა გადავიხადოთ 33 მილიონი, როცა ტრანზიტიდან შეიძლება 13 მილიონი დაგვრჩეს, მაგრამ არის საუბარი იმაზე, რომ აქ რაღაც კომერციული ინტერესი ჩაიდო. აქამდე რუსეთიდან გაზის წამოღება სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებს შეეძლო, მაგალითად ”აზოტს” და ასე შემდეგ. როგორც ახლა ამბობენ, გაზის რუსეთიდან ექსკლუზიურად სახელმწიფო წამოიღებს. ეს მაშინ, როცა მეორე მხარეს არის აზერბაიჯანი, რომელიც გვეხვეწება - გაიხსენეთ შარშანდელი ამბები...”, - განაცხადა მაჭავარიანმა და აქვე დასძინა, რომ ”კალაძეს ადრე თუ გვიან, ამ ძალიან ცუდ, კაპიტულანტურ კონტრაქტზე აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს”.
რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე “გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.