აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს - „ტურიზმის განვითარების სკოლას“ იწყებს , - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ტურიზმის დარგის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს პროექტის მიზნები, სამოქმედო გეგმები და ურთიერთანამშრომლობის ფორმები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კოლეგებთან ერთად დღეს გააცნო.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, აჭარა გავხადოთ მთელი წლის განმავლობაში ვიზიტირებადი ადგილი, შეუძლებელია სოფლის ტურიზმის, ეკოტურიზმის, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის გარეშე. მაღალმთიანი აჭარა თავისი ტურისტული პოტენციალითა და პროდუქტებით ამ მხრივ ეპიცენტრია. ამიტომ „ტურიზმის განვითარების სკოლის“ პრიორიტეტი და მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იქნება მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესება. ჩვენ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და სხვა განთავსების ობიექტების, ასევე კვებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, დარგის სპეციალისტებთან ერთად, შევიმუშავებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი ობიექტები, როგორ უნდა შესთავაზონ სერვისები ტურისტებს, როგორ განავითარონ ბიზნესი, რათა უფრო მიმზიდველები გახდნენ მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა სულხან ღლონტმა.
„ტურიზმის განვითარების სკოლის“ ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. პოექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და იქ არსებული პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება. გარდა ამისა, „ტურიზმის განვითარების სკოლაში“ იგეგმება მაღალმთიან აჭარაში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით შესაბამისი პროფილის გიდების გადამზადება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტის ფარგლებში მჭიდროდ ითანამშრომლებს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან. „ტურიზმის განვითარების სკოლაში“ აქტიური სასწავლო პროცესების დაწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან იგეგმება.