მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, „ფორბსის“ მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.
გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში სტაბილურია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც.
მომხიბლავი რეიტინგისა და სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, არსებობს რიგი დაბრკოლებებისა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენები საქართველოში აწყდებიან. ”ბიზნესპრესნიუსი” დაუკავშირდა საქართველოში არსებულ რამდენიმე მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე უცხოელ ბიზნესმენს და დაინტერესდა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ყოველდღიური საქმიანობის დროს. სხვა პრობლემებთან ერთად თავი იჩინა გენდერულმა საკითხმაც. ჩვენს მიერ გამოკითხულმა ქალებმა, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ, აღნიშნეს, რომ მათი სქესი გარკვეულწილად ხელისშემშლელია საქმის წარმოების დროს.
”პირადად მე უმეტესად კეთილგანწყობით მხვდება საზოგადოება, რადგან ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი ვარ. თუმცა, ზოგიერთი კონსერვატიული მენტალიტეტის ადამიანისგან შემხვედრია დამოკიდებულება, რომ ქალი ვარ და რიგ შემთხვევაში შეიძლება საქმეს თავი ვერ გავართვა. ვცდილობ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო. თუმცა ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალის როლი სათანადოდ არ არის გააზრებული,” - ამბობს ფრანგი ზოე პერე, რომელიც პოპულარული ბარის ”ზოესთან” დამფუძნებელია.
ანალოგიურად ფიქრობს დევი ასმადირეჯა, რომელიც ტურისტული კომპანიის Devi Adventure-ს დამფუძნებელია. კომპანია საქართველოს გარდა, ტურებს აწყობს ინდონეზიაშიც. დევი, რომელიც პანკისში ცხოვრობს, ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ქართველები კარგი ხალხი არიან, მაგრამ მათთან ურთიერთობა ცოტა რთულია.
”ძალიან მომწონს საქართველო, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილი. თუმცა საზოგადოება, განსაკუთრებით მამაკაცები ჩემს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აღიქვამენ, რადგან ქალი ვარ. ამ მხრივ თანხვედრა რომ გვქონდეს, ჩვენი ურთიერთობა ბევრად კარგად წარიმართებოდა. საქმის დროს ქართველებთან ერთად ვმუშაობ ხოლმე და მათ ხშირად უჭირთ გაგება, რატომ ვაწყობ ამა თუ იმ ტურს. ქართველებს ბევრი ტრადიცია აქვთ და ამის გამო ხშირად მათთან ერთად ცხოვრება მიჭირს. მაგრამ ყველა ქართულ ტრადიციას პატივს ვცემ“, - ამბობს დევი ასმადირეჯა, რომელიც თავად არის გიდიც და ფოტოგრაფიც.
ვიქტორ და ანა რაზუმოვები საქართველოში დუბაიდან საცხოვრებლად ხუთი თვის წინ ჩამოვიდნენ და უკვე წარმატებით უძღვებიან ორ ახალ ბიზნესს - ღვინის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის შექმნილი ჩანთების ბიზნესსა და კორეული კოსმეტიკის ონლაინ-მაღაზიას. ბიზნესის წარმოების პროცესში წყვილი რამდენიმე დაბრკოლებას წააწყდა. მათ, როგორც იმპორტიორებს, ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ვალუტის კურსის ცვლილება. კიდევ ერთი პრობლემა კი ვებგვერდის rs.ge შეზღუდული ინგლისური ვერსიაა.
”ჩემი აზრით, სახელმწიფო სერვისების 100 პროცენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურადაც. რუსულიც ძალიან საჭიროა, რადგან დღეს საქართველოში აზერბაიჯანელი ინვესტორების რაოდენობა დიდია და ისინი სწორედ რუსულად საუბრობენ. ვისურვებდი, რომ ხშირად დასმული კითხვების განყოფილება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განახლდეს. მოძველებულს გავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოიცავს. ძალიან მომოწნს pocket tax book, თუმცა ის 2014 წლის შემდეგ არ გამოსულა,” - აღნიშნა რაზუმოვმა.
პიტერ სვაეტიჩინი, რომლის კომპანია MGeorgia მარკეტინგულ მომსახურებას უწევს ღვინის კომპანიებს, ბიზნესის წარმოების სხვა სირთულეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგადად, საქართველოში ბიზნესის წარმოება საკმაოდ მარტივია. ხელისშემშლელი ფაქტორები გარეგანი და მეტ-ნაკლებად ზოგადია. მაგალითად, ეს არის ვალუტის კურსის მერყეობა და პოლიტიკური ლიდერების ცვლილება.
მისი ბიზნესისთვის სპეციფიკური და ხელისშემშლელი აღმოჩნდა ქვეყანაში ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომ საქართველოში ბოთლის ღვინის დალევა არ უყვართ. შვედი ბიზნესმენის თქმით, ქვეყანაში მოხმარებული ღვინის 80% არა რის ბოთლში დაფასოებული.
”ქვეყანაში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული ღვინო იყო და ამიტომაც ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ მხოლოდ ის ღვინოა სანდო, რომელიც ოჯახის წევრმა ან მეგობარმა გააკეთა. ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება, თუმცა წლები დასჭირდება მის საბოლოოდ შეცვლას. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. გვინდა ქართული ღვინო სათანადო პოზიციას იკავებდეს მსოფლიო მასშტაბით. ვმუშაობთ, რომ ღვინის ნომერ პირველი კომპანია შევქმნათ საქართველოში და ის სათანადოდ წარვუდგინოთ მსოფლიოს. ჩვენ ყოველთვის გრძელვადიანი გეგმები და სტრატეგია გვაქვს და არასდროს ვართ კმაყოფილი არსებული ხარისხით,” - განმარტავს პიტერ სვაეტიჩინი.
უცხოელი ბიზნესმენების ნაწილი საქართველოში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით დაბრკოლებად მიიჩნევს დაუგეგმავ ცვლილებებს, რომელსაც საქმის პროცესში აწყდებიან.
”ყოველდღიურად ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, ეს უმეტესად დისტრიბუციას ეხება. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. პრობლემების სწრაფად გადაჭრა გვიწევს ხოლმე”, - ამბობს ზოე პერე.
მისივე განმარტებით, საქართველოში სხვა სერიოზული პრობლემები და დაბრკოლებები არ ექმნება ხოლმე.
”ზოგადად, ბიზნესის წარმოება საკმაოდ მარტივია. ბარი ორწელიწადნახევრის წინ გავხსენი. ერთ ადამიანთან ერთად დავიწყე საქმიანობა. ის ამ ბიზნესს იცნობდა და პროცედურები მეტ-ნაკლებად მარტივად წარიმართა. ყველაზე რთული რემონტის გაკეთება იყო. ბარის ფართში მანამდე ძველი სარდაფი იყო. მისი გარემონტება დაახლოებით, 6 თვე გაგრძელდა. მე თვითონ დავდიოდი ელიავას ბაზრობაზე და თავად ვაკონტროლებდით ხელოსნებს. ნამდვილად მაკლდა სერვისი, რომელიც უფრო ორგანიზებული იქნებოდა და რემონტის პროცედურაც ჩემთვის უფრო მარტივად ჩაივლიდა. საქმისწარმოება კი საკმაოდ ადვილია. ყველაფერი ელექტრონულად ხდება,” - განმარტავს ზოე.
ციტნეშ ანანდი რესტორნის Taste of India დამფუძნებელია. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფოში გადასახადები შემცირდება.
”გადასახადების შემცირების შემთხვევაში, ჩვენ საშუალება გვექნება ბიზნესი გავაფართოვოთ. პარალელურად, გავზრდით დასაქმებულების ხელფასს,” - აღნიშნავს ბიზნესმენი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა უცხოელი აწყდება საქართველოში, ბიზნესთან არაა დაკავშირებული. თუმცა ის მეტად მნიშვნელოვანია - ეს არის ქუჩებში მოუწესრიგებელი მოძრაობა.
”საქართველოში ყველაფერი ძალიან მომწონს, ერთი რამის გარდა. ფეხით მოსიარულეებისთვის ქუჩის გადაკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია,” - ამბობს ციტნეშ ანანდი.
ნანა მღებრიშვილი