მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ხუთი დეპუტატია, რომელთა ასაკი 30-დან 33 წლებში მერყეობს. ხუთივე მათგანი - სავალან მირზოევი, თამარ ჩუგოშვილი, სოფიო კილაძე, ზაზა გაბუნია და ცოტნე ზურაბიანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლები.
2016 წლის 21 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სავალან მირზოევის შემოსავალმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოსტზე 37 900 ლარი შეადგინა.
დეპუტატი ფლობს თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე მდებარე 106.50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომანქანები - TOYOTA LAND CRUISER 2013 და Toyota camry 2011.
დეკლარაციის შევსების მომენტში მირზოევს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3 583 ლარი, ანაბარზე კი 500 დოლარი ერიცხებოდა. ასევე ფულადი თანხის სახით 50 000 დოლარი ჰქონდა.
დეპუტატს ყავს მეუღლე - აიბანიზ ნაბიევა და შვილი - აზიზა მირზოევა.
2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან არის დეპუტატი, თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე 136 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მას 5 000 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკში აღებული 135 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხის წლიურმა გასავალმა კი 23 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება შემოსავალს, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩუგოშვილის შემოსავალმა 52 000 ლარი შეადგინა.
თამარ ჩუგოშვილს ჰყავს მეუღლე - გიორგი მიხანაშვილი და შვილი - ნინო მიხანაშვილი. 2016 წლის განმავლობაში მისი მეუღლის ხელფასმა 42 000 ლარი შეადგინა.
ზაზა გაბუნია - გასული წლის 25 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გაბუნია ფლობს 255 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, მისაქციელში. ასევე მის საკუთრებაშია 2003 წლის მსუბუქი ავტომანქანა - ლექსუსი GX. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე გაბუნიას 0.97 ლარი ერიცხებოდა.
დეპუტატობამდე გაბუნია ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის განმავლობაში 56 160 ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე კი 89 060 ლარი იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში „ლიბერთი ბანკში“ ფულადი სესხის სახით გაბუნიას 7 500 ლარი ჰქონდა აღებული, რომლის გასავალი გასულ წელს 8 437 ლარი იყო; ასევე მის სახელზეა საჯარო რეესტრში 60 000 დოლარის იპოთეკა, რომლის გასავალმაც 4 545.32 ლარი შეადგინა.
ზაზა გაბუნიას ჰყავს: მეუღლე ნუცა შავლაძე და შვილები: დამიანე და ლიზა-ბარბარე გაბუნიები.
„ოცნების“ დეპუტატს სოფიო კილაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბერს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც კილაძე არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას ფლობს. თუმცა, დეკლარაციის შევსების მომენტში სამ სხვადასხვა ბანკში ანაბარზე ჯამში - 18 856.77 ლარი, 14 427.75 დოლარი და 1073.39 ევრო ჰქონდა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ფულადი თანხის სახით 5 000 ლარი ჰქონდა.
გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კილაძის შემოსავალმა - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 6 119 ლარი; „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრობისას 25 700 ლარი, ხოლო შსს აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე 16 019.78 ლარი შეადგინა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰყავს მეუღლე ავთანდილ ხარაძე და შვილი ანა ხარაძე. მისი მეუღლის სახელზეა 26 000 დოლარის ღირებულების იპოთეკა, ცხოვრების უფლებით.
მე-9 მოწვევის პარლამენტის კიდევ ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი - ცოტნე ზურაბიანია. გასული წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე 127 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს.
წინა წლის 1 იანვრის ჩათვლით 31 დეკემბრის ჩათვლით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თვიმმართველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბიანის შემოსავალმა 15 000 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის შევსების მომენტში „ვი-თი-ბი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 4 000 ლარი ერიცხებოდა.
დეპუტატის დედის ამალია ბაბლუანის მფლობელობაშია ლენტეხის რაიონის, სოფელ ფანაგაში მდებარე 130 და 122 კვადრატული მეტრი ფართობისა და თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მდებარე 125 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლები. ასევე ამალია ბაბლუანი ფლობს წყალტუბოში - 415 და 67 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართებსა და წყალტუბოსა და ლენტეხში მდებარე 7 მიწის ნაკვეთს.