გალარების დაწყებიდან მესამე დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-მე მეტმა ადამიანმა მიმართა , - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 100-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სადოლარე სესხი უკვე გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია.
„ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს. მხოლოდ სამი დღეა გასული, ბანკებში კი არ წყდება სატელეფონო ზარები, ხოლო მიმართვიანობამ 2000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ გალარების პროგრამის პოტენციური მონაწილეების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირება. მოსახლეობა ძალიან აქტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის საინტერესო და მისაღებია საბანკო სესხების იმ ვალუტაში გადმოტანა, რომელშიც შემოსავალი აქვს“, - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული აქტივობით მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი პოზიტიური დამოკიდებულება გალარების პროგრამის მიმართ. ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი მზადაა გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის. სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, ვისი წლიური შემოსავალიც 2015 წლისთვის 100,000 ლარზე მეტი არ არის და ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა 100,000 აშშ დოლარზე მეტი არ არის. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია.