ხელისუფლების მიერ წამოწყებულ გალარების პროექტზე და დოლარზე გადასვლის შესაძლო შედეგებზე „კვირის პალიტრა" პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
- რას ფიქრობთ ხელისუფლების მიერ წამოწყებულ გალარების პროექტზე. გავრცელებული ინფორმაციით, გალარების დაწყებიდან სამ დღეში საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა კაცმა მიმართა.
- სულაც არ მიკვირს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ამ პროცესს ჯეროვან დონეზე წარმართავენ. მიუხედავად ამისა, პირდაპირ გეტყვით, გამორიცხულია, უშუალოდ გალარების პროცესმა გამოიწვიოს ლარის სტაბილურობა.
ეს პროექტი არანაირად არ არის გათვლილი ამაზე და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა სულ სხვა თემაა. რატომ ვერ მიებმება ეს პროექტი ლარის სტაბილურობას? - საქმე ისაა, რომ ჩვენს ბანკებს კრედიტის სახით აღებული აქვთ თანხები ევროპის ფინანსური ბაზრებიდან. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართული კომერციული ბანკების საგარეო ვალი შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის თითქმის 22%-ს, რაც ძალიან დიდი თანხაა. ამას ხომ უნდა მომსახურებაც და დაბრუნებაც? კომერციული ბანკისთვის მოქალაქე იყიდის დოლარს თუ ბოლოს თავად ბანკი იყიდის უცხოურ ვალუტას საგარეო ვალდებულების გასასტუმრებლად, რა აზრი აქვს, ბაზარზე რა შეიცვლება შესაკრებთა გადანაცვლებით?!
მეორე მხრივ, ჩვენი კანონის მიხედვით, ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, მაგრამ ფულის ერთ-ერთ მთავარ დაგროვებით ფუნქციას ლარი, სამწუხაროდ, ჯეროვნად ვერ ასრულებს, ანუ ხალხს ურჩევნია, დააგროვოს ფული დოლარში, ვიდრე ლარში, რადგან დოლარის სტაბილურობას უფრო ენდობა. კარგია, რომ ფასი გამოცხადდეს უცხოურ ვალუტაში, მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყიდის ბინას და გამოაცხადებს მის ფასს დოლარის ეკვივალენტ ლარში, თუმცა მაინც აიღებს დოლარს, ან თუ აიღებს ლარს, მყისიერად გაიქცევა და თვითონვე იყიდის დოლარს. მოკლედ, სავალუტო ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა მაინც შენარჩუნდება.
ეს პროგრამა არის იმისთვის, რომ ხალხი შეეჩვიოს საბანკო ოპერაციების ლარში ჩატარებას, რაც თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა ლარის სტაბილურობის მხრივ მასზე დიდი იმედის დამყარება ნამდვილად არ ღირს.
- "რაის ეროვნული სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია და ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში. ეს საერთოდ უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში დოლარი", - განაცხადა ახლახან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ. ბოლო დროს ამგვარ მოსაზრებას ხშირად გაიგონებთ, მათ შორის ექსპერტებისგანაც...
- ჯერ დაჭერით, მერე გამოშვებით, მერე ისევ დაჭერით, ახლა კი საბოლოო გათავისუფლებით გიგი უგულავა ლამის გმირად აქცია "ქართულმა ოცნებამ". არადა, რაც არ იცის კაცმა, იმაზე ლაპარაკს თავი უნდა დაანებოს.
წარმოიდგინეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლარზე ვამბობთ უარს და გადავდივართ აშშ დოლარზე, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს დოლარები?! ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უნდა თქვას, მე უზრუნველვყოფ საქართველოს დოლარებითო (თუმცა, რატომ უნდა თქვას?!), ან იმხელა ექსპორტი უნდა გვქონდეს, რომ ამით დიდი ოდენობით დოლარი შემოდიოდეს ქვეყანაში. ჩვენ კიდევ ისეთი სავაჭრო ბალანსი გვაქვს, დოლარებს იქით ვკარგავთ. ასე საკითხის დაყენება უცოდინრობაა.
რაც შეეხება იმას, რომ ლარი თურმე გადმონაშთია, მაშინ გადმონაშთია დროშაც, გერბიც და ჰიმნიც... ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 23 ნოემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად